თემურ ქეცბაია „ანორთოსისის“ შემადგენლობის გაძლიერებას ითხოვს - 7000-ევორიანი ფეხბურთელებით ვერაფერს მივაღწევთ #1TVSPORT
თემურ ქეცბაია, რომელიც ნოემბერში კვიპროსის სუპერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, ფამაგუსტას „ანორთოსისის“ შემადგენლობით უკმაყოფილოა. ქართველი სპეციალისტის თქმით, გუნდი აუტსაიდერთა ზონაში იმყოფება და ხარისხიანი გაძლიერება სჭირდება, თუმცა მწირი ბიუჯეტით მაღალი დონის ფეხბურთელების მოყვანა რთულია.
„ორი საშინაო მატჩი გვქონდა, მაგრამ იმ რაოდენობის ქულა ვერ მოვიპოვეთ, რაც გვინდოდა. სამწუხაროდ, ახლა „ანორთოსისს“ ხარისხი აკლია და ასეთ ვითარებაში ბევრს ვერაფერს შევცვლით. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, უკეთ მომზადებაა.
ვეცდებით, ისეთი მოთამაშეები მოვიყვანოთ, რომლებსაც ცვლილებების შეტანა შეუძლიათ, მაგრამ 7000-ევროიანი ფეხბურთელებით ვერაფერს მივაღწევთ. თავიდანვე ვიცოდით, რომ სირთულეები იქნებოდა და ამაში ახალი არაფერია.
ვარჯიშზე უნდა ვიმუშაოთ და გუნდურად ყველაფერი გავაუმჯობესოთ. ფეხბურთელებთან დაკავშირებით პრეტენზია არ მაქვს – მათ ბევრი იშრომეს, მაგრამ მათი კლასი არასაკმარისია და ამიტომ გვჭირდება გაძლიერება“, – ამბობს თემურ ქეცბაია.