თემურ ქეცბაია - „ანორთოსისი“ საუკეთესო ფორმაში არ არის #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - „ანორთოსისი“ საუკეთესო ფორმაში არ არის #1TVSPORT

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ანორთოსისი“ ბელგიაში „გენტს“ ესტუმრა და 2:0 დამარცხდა. კვიპროსული გუნდის ქართველმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ აღიარა, რომ მისი გუნდი გამარჯვებას არ იმსახურებდა.

„ეს არ იყო ჩვენთვის ადვილი თამაში. ვფიქრობ, რომ მეტოქემ ჩვენზე უკეთ ითამაშა და „გენტის“ მოგება სამართლიანი შედეგი იყო. ჩემი გუნდში ის მომეწონა, რომ ჩვენ ასეთი თამაშის მიუხედავად, მაინც მაქსიმალური მონდომებით ვცდილობდით, რომ მატჩი გადაგვერჩინა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

„ანორთოსისის“ ქართველმა მწვრთნელმა არ დამალა, რომ გუნდის მდგომარეობა აფიქრებს: 

„ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა საუკეთესო ფორმაში არ ვართ. ეს ჩანს კვიპროსის ჩემპიონატშიც და ევროთამაშებშიც. ჩვენ თამაშის გაუმჯობესება გვჭირდება“.

ქართველ სპეციალისტს გუნდის მცველი, ფინეთის ნაკრების კაპიტანი პაულუს არაიურიც ეთანხმება: 

„მწვრთნელი მართალია. „გენტმა“ გვაჯობა, ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რომ თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ. მე მჯერა ჩემი გუნდის. დღევანდელი თამაში კარგი გაკვეთილი იყო“.

კონფერენს ლიგის „ბ“ ჯგუფში „გენტმა“ 2 ტურის შემდეგ 6 ქულა დააგროვა და ბელგრადის „პარტიზანთან“ ერთად ჯგუფს უდანაკარგოდ ლიდერობს. „ანორთოსისი“ კი ესტონურ „ფლორასთან“ ერთად უქულოდ ბოლო ადგილზეა. მესამე ტურის მატჩები 21 ოქტომბერს გაიმართება – „ანორთოსისი“ „ფლორას“ უმასპინძლებს, ხოლო „გენტი“ „პარტიზანს“ სერბეთში ესტუმრება.