თემურ ქეცბაია - 45 წელია ფეხბურთში ვარ და ასეთი მოედანი არ მინახავს
თემურ ქეცბაია - 45 წელია ფეხბურთში ვარ და ასეთი მოედანი არ მინახავს

კვიპროსის ჩემპიონატის მე-19 ტურში ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ სტუმრად ნიქოზიას „ოლიმპიაკოსი“ 3:0 დაამარცხა.

გამარჯვებით კმაყოფილმა ფამაგუსტელთა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე ნიქოზიასმაკარეიო სტადიოს“ საფარის მდგომარეობაზე ისაუბრა – უწოდა ყველაზე საშინელი, რომელსაც საფეხბურთო კარიერაში შეხვედრია.

„რთული თამაში მოვიგეთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ „ოლიმპიაკოსი“ ძალიან კარგი გუნდია, არამედ იმიტომაც, რომ სავალალო სტადიონზე ვთამაშობდით. 45 წელია, ფეხბურთში ვარ, მაგრამ უარეს სტადიონზე არც მითამაშია და არც გუნდი გამიყვანია. სამწუხაროდ, თამაში ასეთ სტადიონებზე გვიწევს“, – განაცხადა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებში მუშაობის პერიოდში ქეცბაიამ ეროვნული სტადიონის „დინამო-არენას“ საფარს „ყანა“ უწოდა, რამაც დიდი ხმაური გამოიწვია.

ფამაგუსტელთა ქართველმა მწვრთნელმა კომენტარი გუნდის გაძლიერებაზეც გააკეთა:

„ველოდებით, ახალი მოთამაშეები როდის შემოგვიერთდებიან. მანამდე კი ახალწვეულებზე მეტს ვერაფერს გეტყვით. ფაქტია, რომ „ანორთოსისს“ გარკვეულ პოზიციებზე გაძლიერება სჭირდება”.