თემურ მიქელაძე ბათუმის „დინამოს“ ახალი მფლობელი ოფიციალურად გახდა – გულწრფელად მჯერა, რომ გულშემატკივრებთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ #1TVSPORT

14:10, 31.12.2025

ბათუმის „დინამოს“ გასხვისების პროცესი დასრულდა და კლუბი არჩილ ბერიძის საკუთრებიდან ჯერ სახელმწიფოს დაუბრუნდა, შემდეგ კი თემურ მიქელძესა და მის პარტნიორებს გადაეცათ.

გასხვისების პროცესის დასრულება საფეხბურთო კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა – ცნობილი გახდა, რომ გუნდის 100%-იანი წილი სააქციო საზოგადოება „დ.ბ 1923“-მა („დინამო ბათუმი“ 1923) 30-მილიონიანი ვალდებულებისა და კლუბის გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების საფუძველზე მიიღო.

ბათუმის „დინამოს“ ახალმა მფლობელმა კლუბში განვითარების ახალი ეტაპის დაწყება დაადასტურა, რაც არსებული პრობლემების მოგვარებას, კლუბში მასშტაბურ ინვესტირებასა და მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას გულისხმობს.

კლუბის განვითარების სამომავლო სტრატეგიაზე სპორტის მენეჯმენტის და მარკეტინგისა კომპანია Sports Orient-ი მუშაობს, რომელიც საქართველოში ლეგენდების მატჩების ორგანიზატორობით გახდა ცნობილი.

ამჟამად ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებისა და სხვა პირების მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულებების გამო, 2026 წლის ზაფხულამდე ​ფიფა-სგან სატრანსფერო შეზღუდვა აქვს დაწესებული. კლუბმა შეუფერხებელი ოპერირება და ტრანსფერების განხორციელება რომ შეძლოს, ახალი მენეჯმენტი ყველა კრიტიკული დავალიანების უმოკლეს დროში გასტუმრებას გეგმავს.

ბათუმის „დინამოს“ ახალი პრეზიდენტი თემურ მიქელაძე თბილისის, სოფიისა და როტერდამის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულია. ასევე გავლილი აქვს ჰარვარდის ბიზნეს სკოლისა და INSEAD-ის მართვის პროგრამები. მას ბიზნესში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. არის ორი მსხვილი კომპანიის – „მეტროპოლისა“ და „კროკობეთის“ თანადამფუძნებელი.

კლუბის ოფიციალურად გადაფორმების შემდეგ მან განცხადება გაავრცელა:

„ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივართან ერთად, ბევრი დიდი ოცნება და მიზანი გვაქვს შესასრულებელი. ჩემთვის, როგორც ბათუმში დაბადებული და გაზრდილი ადამიანისთვის, განსაკუთრებული პატივია, ამ კლუბის წინსვლისა და მისი მომავლის ნაწილი რომ ვარ.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჯონი ბაკურაძისა და არჩილ ბერიძის ოჯახებს, ამ პროცესში გამოვლენილი დამოკიდებულებისთვის და იმ გამარჯვებებისთვის, რომელთაც მათ ბათუმის „დინამოსთან“ ერთად მიაღწიეს.

ჩვენი მიზანია ფინანსურად მდგრადი კლუბის შექმნა, რომელიც გრძელვადიან წარმატებას მიაღწევს, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. სწორედ ამიტომ, ბათუმის „დინამო“ სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. ეს მოდელი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს შეიძინოს კლუბის აქციები და ამ ფორმით ჩაერთოს მის განვითარებაში. ეს ეხება, როგორც ადგილობრივ ბიზნესმენებს, ასევე გულშემატკივართა ჯგუფებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სურვილი ექნება, რომ კლუბი ჩვენთან ერთად განავითაროს.

ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა და უამრავ ადამიანს ექნება სურვილი ამ ფორმით ჩვენი პროექტის მონაწილე გახდეს. ამიტომ, გარდამავალი პერიოდის დასრულებისთანავე, აქტიურად დავიწყებთ კლუბის აქციების გასხვისების პროცესს.

„დინამო ბათუმის“ განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდული სექტორის მხარდაჭერა და გაძლიერებაა, ეს კლუბის ხედვის ფუნდამენტური ნაწილი იქნება. ამასთან ერთად, ჩვენი სურვილია, რომ ხელი შევუწყოთ „დინამოში“ ადგილობრივი კადრების დასაქმებასა და მათ პროფესიულ განვითარებას. გულწრფელად მჯერა, რომ საოცარ ბათუმელ გულშემატკივრებთან ერთად, ბევრ წარმატებას მივაღწევთ”.

მსგავსი