The Telegraph - ჯოკოვიჩმა ჩოგბურთში აჯანყება დაიწყო
The Telegraph - ჯოკოვიჩმა ჩოგბურთში აჯანყება დაიწყო

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოვიდა წინადადებით, ჩოგბურთელებმა ATP-სგან (პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია) დამოუკიდებლად შექმნან პროფკავშირი და მისი მეშვეობით აიძულონ ტურნირებს, უფრო მეტი ჰონორარი გასცენ.

სერბი ამ წინადადებით მელბურნში მოთამაშეების, ATP-ის წარმომადგენლებისა და ავსტრალიის ღიას ორგანიზატორების ყოველწლიურ კრებაზე გამოვიდა.
როგორც ბრიტანული გაზეთი The Telegraph წერს, სხდომის შემდეგ ჯოკოვიჩმა ყველა არამოთამაშეს მოთხოვა, დაეტოვებინათ დარბაზი, ამის შემდეგ, სცენაზე ავიდა და იურისტს დაუძახა. ნოვაკმა აუხსნა მოთამაშეებს, რომ პროფკავშირის შექმნა გაამარტივებს სპორტსმენთა ინტერესების დაცვას და ტურნირებზე ზეწოლის კარგი საშუალება იქნება, რათა ორგანიზატორებმა საპრიზო ფონდი გაზარდონ.

გარდა ამისა, ჯოკოვიჩი “დიდი სლემის” ტურნირებზე კაცებისა და ქალების ერთნაირი საპრიზო ფონდის წინააღმდეგ გამოვიდა.
როგორც ირკვევა, ჯოკოვიჩს მხარი დაუჭირეს ენდი მარეიმ, ჟილ სიმონმა და ალექსანდრ ზვერევმა. სერბის წინააღმდეგ წავიდა როჯერ ფედერერი.