„ტელეგრაფი“ კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ „კოვიდ-19“ უხანში სავარაუდოდ 2019 წლის ზაფხულიდან ვრცელდებოდა
„ტელეგრაფი“ კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ „კოვიდ-19“ უხანში სავარაუდოდ 2019 წლის ზაფხულიდან ვრცელდებოდა

„კოვიდ-19“ უხანში სავარაუდოდ 2019 წლის ზაფხულიდან ვრცელდებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ კიბერუსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია „ინტერნეტ 2.0.“-ის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის ანალიზი უკავშირდება ჰუბეის პროვინციაში „პისიარ“ ლაბორატორიების აღჭურვილობის შესაძენად გაფორმებულ კონტრაქტებს. კვლევამ აჩვენა, რომ 2019 წლის ხარჯები 2018 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა. მოხსენების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა 2019 წლის ზაფხულში შეინიშნებოდა.

ანგარიშის თანახმად, ხარჯების ზრდა განპირობებული იყო დაავადებების კონტროლსა და პრევენციასთან დაკავშირებული ორგანოების შესყიდვებით. მათ შორისაა ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ჰუბეიში, სამხედრო ჰოსპიტალი უხანში, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი და უხანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი. გაზეთის თანახმად, ანალიზის შედეგები უკვე გადაეცა აშშ -ს მთავრობის წარმომადგენლებს.