„თელავში“ შვიდი ახალწვეულია, შვიდმაც გუნდი დატოვა #1TVSPORT
თელავში“ ეროვნული ლიგის მეორე ნახევრის განახლებამდე მნიშვნელოვანი საკადრო სიახლეებია – ინფორმაციას საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „თელავი“ შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა – ფირუზ მარაქველიძემ, თემურ გოგნაძემ, გიორგი უბილავამ, ნიკოლოზ გოზალიშვილმა, ავთანდილ ღაღვიშვილმა, განელმა ნუჰუ ბაბამ და ნიგერიელმა ფრენსის ანიანვუმ. გუნდიდან ასევე წავიდნენ მეკარეების მწვრთნელი ჯაბა სამსონია და ფიზიოთერაპევტი გიორგი კეკელია.
გუნდის ღირსებას შვიდი ახალი ფეხბურთელი დაიცავს, მათგან სამი მცველია – 23 წლის რატი მჭედლიშვილი (ბოლო კლუბი თბილისის „ლოკომოტივი“ იყო), 21 წლის არჩილ დათუაშვილი (ფოთის „კოლხეთი 1913“) და 23 წლის ზურაბ გიგაშვილი („კავალა“, საბერძნეთი).
„თელავის“ ნახევარდაცვას გააძლიერებენ 28 წლის ნიკოლოზ ყიფიანი, 22 წლის გიორგი ჩხეტიანი („დინამო თბილისი“) და 22 წლის სამხრეთაფრიკელი ჯოზეფ კაკარა („დიკგოსი“), ხოლო თავდამსხმაში გუნდმა „სამტრედიაში“ ნათამაშები 26 წლის ინიგო მარტინი დაიმატა, რომელიც ბოლოს ანდორის „სანტა კოლომაში“ გამოდიოდა.