„თელავს“ ეპიდვითარების გამო „დინამოს თბილისთან“ მატჩის გადადება სურდა - გუნდები შეხვედრის ჩატარებაზე მაინც შეთანხმდნენ
„თელავს“ ეპიდვითარების გამო „დინამოს თბილისთან“ მატჩის გადადება სურდა - გუნდები შეხვედრის ჩატარებაზე მაინც შეთანხმდნენ

ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა „თელავსა“ და „დინამოს თბილისს“ შორის ჩაშლის საფრთხის წინაშე იყო. „თელავის“ ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა ცნობა, რომ მიზეზი გუნდში ეპიდმდგომარეობის გაუარესება იყო.

„შაბათს, 20 მარტს თელავში, „კავკასიონი არენაზე“ ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის მატჩში თბილისის „დინამოსთვის” უნდა გვემასპინძლა, მაგრამ ჩვენს გუნდში შექმნილი ეპიდვითარების გამო თამაში გადაიდო. გადაწყვეტილია – „დინამოსთან“ მატჩი 20-ის ნაცვლად პარასკევს, 26 მარტს „კავკასიონი არენაზე“ გაიმართება. „თელავი“ მადლობას უხდის თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელობას და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გულისხმიერებისთვის და გაგებისთვის, რადგან უეფას დებულებით, ნებისმიერი ვითარების მიუხედავად თუ გუნდი მინიმუმ, 11 მოთამაშეს აგროვებს, მატჩი ყოველ მიზეზს გარეშე უნდა ჩატარდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოწინააღმდეგე გუნდი თანახმაა თამაშის გადადებაზე ან მოგვიანებით გამართვაზე. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ფეხბურთის ფედერაცია ერთპიროვნულად ვერ გადადებდა თამაშს, მათ მეტოქე კლუბთან გვიშუამდგომლეს, მატჩის გადადების და მოგვიანებით გამართვის თაობაზე გადაწყვეტილება კი „დინამოს“ ხელმძღვანელობამ მიიღო,“ – თავდაპირველად ასეთი განცხადება გაავრცელა „თელავის“ პრესსამსახურმა.

მაგრამ მცირე ხანში ფეისბუქზე „დინამოს თბილისის“ და „თელავის“ ოფიციალურმა გვერდებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა „თელავსა“ და „დინამოს თბილისს“ შორის მაინც გაიმართება.

„კლუბების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, „თელავში“ შექმნილი ეპიდვითარების გამო საფეხბურთო კლუბ „თელავისა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩი ახალი თარიღით, 26 მარტს გაიმართებოდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ შეხვედრა კალენდრით აქამდე დათქმულ დღეს, 20 მარტს თელავში, „კავკასიონი არენაზე“ გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება,“ – წერია კლუბის ბოლო განცხადებაში.