„თელავმა“ სეზონის დაწყების წინ ახალწვეულები წარადგინა #1TVSPORT

21:12, 27.02.2025

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ახალი სეზონის დაწყებამდე ახალწვეულები წარადგინა. გუნდის ღირსებას 2025 წლის სეზონისთვის 10 ახალი ფეხბურთელი დაიცავს. მათ შორის არიან ძმები – ჯადული და დათო იობაშვილები.

ჯადული „დინამო თბილისის“ 20 წლის თავდამსხმელია, ხოლო დათო მასზე ერთი წლით პატარაა, პოზიციით მეკარეა და ბოლოს „ვიტ ჯორჯიაში“ თამაშობდა.

გუნდში მიიწვიეს ცნობილი საფეხბურთო დინასტიის წარმომადგენელი, საქართველოს ნაკრებში ნათამაშები თავდამსხმელი ვატო არველაძე, რომლის ბოლო კლუბიც წყალტუბოს „სამგურალი“ იყო.

პოზიციების მიხედვით რომ გავყვეთ, ახალწვეულებს შორის მცველია გიორგი უბილავა – 21 წლის ფეხბურთელი, რომელიც „გაგრაში“ გამოდიოდა. „თელავის“ ახალწვეულთა უმრავლესობა კი ნახევარმცველია.

19 წლის ნიკა ცეცხლაძე „დინამო თბილისიდან“ მიიწვიეს, 27 წლის მიხეილ ბაშელეიშვილი „თელავში“ ადრეც თამაშობდა და ახლა თბილისის „ლოკომოტივიდან“ დაბრუნდა, 22 წლის ანდრია დევდარიანი კი გუნდს ბოლნისის „სიონიდან“ შეუერთდა.

„თელავში“ ითამაშებს ნახევარმცველი დავით კუტალია, რომელიც რუსეთის „პარი ნიჟნი ნოვგოროდში“ გამოდიოდა. კახური გუნდის ღირსებას ორი ლეგიონერიც დაიცავს – ებენ კპოზო, 18 წლის მცველი, რომელიც ბოლოს განის „აფლაო აგბოგბაში“ თამაშობდა და 19 წლის ნახევარმცველი ბაბა ნუჰუ, რომელმაც ბოლოს „რუსთავში“ ითამაშა.

ახალ სეზონში „თელავის” ღირსებას 19-წლამდელთა გუნდიდან დაწინაურებული ახალგაზრდა ფეხბურთელებიც დაიცავენ:

საბა გოზალიშვილი (ნახევარმცველი, 20.07.2006);
ავთანდილ ღაღვიშვილი (ნახევარმცველი, 19.08.2006);
სერგი ბაზერაშვილი (მეკარე, 18.09.2006).

მსგავსი