„თელავმა“ „რუსთავი“ დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში დაწინაურდა
„თელავმა“ „რუსთავი“ დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში დაწინაურდა

„თელავმა“ პლეი-ოფის ორმატჩიან დაპირისპირებაში „რუსთავი“ ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა და ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა.

პირველი შეხვედრა „თელავმა“ საკუთარ მოედანზე 1:0 მოიგო. განმეორებით მატჩში კი „რუსთავი“ საკუთარ მოედანზე სწრაფად დაწინაურდა: ანგარიში პენალტით ბექა ქავთარაძემ გახსნა 1:0. თუმცა, „თელავმა“ ვითარება სწრაფად გამოასწორა და მე-15 წუთზე ფირუზ მარაქველიძის გოლით ანგარიში გაათანაბრა 1:1. 32-ე წუთზე კი შეტევაში ჩართული თორნიკე ძოწენიძის გოლით სტუმრები დაწინაურდნენ 1:2.

რუსთაველებმა სტუმრების კართან რეალური საგოლე მომენტები მხოლოდ მატჩის მიწურულს შექმნეს, მაგრამ მეკარე ლუკა სანიკიძემ „თელავი“ რამდენჯერმე გადაარჩინა. საბოლოოდ, თელაველებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს 2:1, ორი მატჩის ჯამში მეტოქე 3:1 დაამარცხეს და ეროვნულ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ თელავს ბოლოს ეროვნულ ლიგაში გუნდი 2006/07 წლების სეზონში ჰყავდა, მაგრამ ის „კახეთი“ იყო, „თელავი“ კი 2016 წელს დაფუძნებული სხვა გუნდია.

რაც შეეხება „რუსთავს“, ისევე როგორც “სამტრედიასთან” პლეი ოფში დამარცხებული ბოლნისის „სიონი“, მომდევნო სეზონს ეროვნულ ლიგა2-ში ითამაშებს.