„თელავმა“ მზადება დაიწყო - გუნდში ხუთი ახალწვეულია #1TVSPORT
„თელავმა“ მზადება დაიწყო - გუნდში ხუთი ახალწვეულია #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ სეზონისთვის მზადება დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუნდის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„თელავი“თბილისში შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადება 15 იანვარს დაიწყო. სამზადისი საკმაოდ დატვირთული იქნება, ორ ეტაპად ჩაივლის და, ბუნებრივია, გუნდი რამდენიმე ტესტ-მატჩსაც გამართავს.

„თელავში“ მნიშვნელოვანი ცვლილებებია. გუნდი 7 ფეხბურთელს დაემშვიდობა – მეკარე ლუკა სანიკიძე და კაპიტანი ილია ბერიაშვილი კარიერას უცხოეთში გააგრძელებენ. მათ გარდა, „თელავი“ ცოტნე კაპანაძემ, ზურაბ თევზაძემ, გიორგი კვერნაძემ, სტრაჰინია პავიშიჩმა და დმიტრი რეკიშმა დატოვეს.

„ფეხბურთელებს გუნდთან მოქმედი ხელშეკრულება დაუმთავრდათ – კლუბი მადლობას უხდის ყველას გვერდში დგომისთვის, გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ წარმატებებს უსურვებს“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

რაც შეეხება გუნდის ახალწვეულებს, „თელავის“ ცნობით, მიმდინარეობს აქტიური სატრანსფერო საქმიანობა – ჯერჯერობით გადაწყვეტილია 5 ტრანსფერი, უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე ახალწვეულს ელოდებიან.