„თელავმა“ მოიგო - „საბურთალომ“ სამეულში მოხვედრის შანსი დაკარგა #1TVSPORT
„თელავმა“ მოიგო - „საბურთალომ“ სამეულში მოხვედრის შანსი დაკარგა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 33-ე ტური თელავის „კავკასიონი არენაზე“ გამართული მატჩით დასრულდა – „თელავმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და ლიგაში დასარჩენად საჭირო ქულები მოიპოვა.

შეხვედრა „საბურთალოს“ უპირატესობით დაიწყო, რომელიც მატჩამდე ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ ჩაიბარა. მაგრამ „თელავმა“ პირველივე მწვავე კონტრშეტევა გოლით დააგვირგვინა. მე-13 წუთზე ფირუზ მარაქველიძე საჯარიმოსკენ დაიძრა, „საბურთალოს“ ორ მცველს აჯობა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ზუსტად დაარტყა – 1:0. მე-18 წუთზე მასპინძლებმა „საბურთალოს“ მეორედაც გაუტანეს. შესანიშნავად გათამაშებული ჯარიმა ნათან ჟუნიორმა დააგვირგვინა 2:0. 90+6-ე წუთზე თბილისელთა თავდამსხმელმა გიორგი გულიაშვილმა სხვაობა შეამცირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საბოლოოდ, „თელავმა“ 2:1 მოიგო, რომელმაც 33 ტურის შემდეგ 38 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზეა. რაც მთავარია – თუ რამე სასწაული არ მოხდა, კახელები ლიგაში ადგილს გადათამაშების გარეშე შეინარჩუნებს – გიორგი მიქაძის გუნდს ქუთაისის „ტორპედო“ (33) ვეღარ დაეწევა.

„საბურთალო“ კი 50 ქულით მეხუთე პოზიციაზე დარჩა და მესამეადგილოსან გორის „დილას“ 9 ქულით ჩამორჩა. ფაქტობრივად, თბილისური კლუბი სამეულში მოხვედრის და ეროვნული ლიგიდან ევროსაგზურის მოპოვების რეალურ შანსს დაემშვიდობა – ამის უფლების მოპოვებას მხოლოდ საქართველოს თასზე გამარჯვებით შეეცდება.

ამ ტურის შემდეგ სანაკრებო პაუზა იქნება, ეროვნული ლიგის 34-ე ტურის შეხვედრები კი 20 და 21 ნოემბერს გაიმართება.