„თელავმა“ გამოცდილი მოთამაშეები დაიმატა
„თელავმა“ გამოცდილი მოთამაშეები დაიმატა

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ორი ტრანსფერი განახორციელა. გუნდმა კონტრაქტები შემტევ ნახევარმცველ გიორგი ჯანელიძესთან და მარცხენა მცველ ლაშა შერგელაშვილთან გააფორმა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გიორგი ჯანელიძე ბოლოს ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა. 31 წლის გამოცდილი ნახევარმცველი ორჯერ იყო საქართველოს ჩემპიონი და ორივეჯერ ოქროს მედალი „დინამო თბილისში“ მოიპოვა (2014 და 2016 წლებში). თასის მოპოვება ოთხჯერ იზეიმა, საქართველოს სუპერთასის – სამჯერ. გიორგიმ ამ წარმატებებს „ვიტ ჯორჯიასა“ და „დინამოში“ მიაღწია.

ლაშა შერგელაშვილი 29 წლის შესრულდა, როდესაც ახალ კლუბში ჩაირიცხა. მისი ბოლო კლუბი ბათუმის „დინამო“ იყო. ისიც საკმაოდ ტიტულოვანი მოთამაშეა – 2-2-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი, ერთხელ – სუპერთასზე გამარჯვება იზეიმა. „რიგაში“ თამაშის დროს კი ორჯერ გახდა ლატვიის უმაღლესი ლიგის თასის მფლობელი.

„თელავის“ ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გიორგი ჯანელიძე და ლაშა შერგელაშვილი უკვე თელავში არიან და გუნდთან ერთად სეზონისთვის ემზადებიან.

დატოვე კომენტარი