„თელავმა“ და „დინამო თბილისმა“ „კავკასიონი არენაზე“ ქულები გაიყვეს #1TVSPORT
„თელავმა“ და „დინამო თბილისმა“ „კავკასიონი არენაზე“ ქულები გაიყვეს #1TVSPORT

„თელავმა“ „კავკასიონი არენაზე“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

ეროვნული ლიგის 23-ე ტურის მატჩი საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა. „თელავმა“ ერთ-ერთ ლიდერს არაფერი დაუთმო და მე-20 წუთზე ანგარიში ჟონელ დეზირეს გოლით გახსნა.

„დინამომ“ წონასწორობა 29-ე წუთზე აღადგინა. ვიდერეფერიზე გადამოწმებისას გამოჩნდა, რომ „თელავის“ მცველს ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი ხარაიშვილმა უნაკლოდ შეასრულა – 1:1.

მასპინძლებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს და 58-ე წუთზე კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ. მარცხენა ფლანგზე ბურთი ირაკლი რუხაძემ მიიღო, საჯარიმოში შევიდა და მახვილი კუთხიდან შორეულ „ცხრიანში“ ეფექტური გოლი გაიტანა.

82-ე წუთზე „დინამომ“ მუსა-ბაბა სანგარეს არანაკლებ ეფექტური გოლით წონასწორობა ისევ აღადგინა. გიორგი მიქაძის გუნდს მოგების რეალური შანსი ჰქონდა. შეხვედრის ბოლო წუთზე თბილისელთა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ჯეფერსონ ჯერალდოს დარტყმა მეკარე დავით კერესელიძემ მოიგერია. საბოლოოდ შეხვედრა 2:2 დასრულდა.

ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 23 ტურის შემდეგ, „თელავი“ 21 ქულით მე-7 ადგილზეა, „დინამო თბილისმა“ კი 41 ქულა დააგროვა მე-2 ადგილზე დაწინაურდა.