„თელავმა“ ცხრა ფეხბურთელი დაიმატა
„თელავმა“ ცხრა ფეხბურთელი დაიმატა

„თელავი“ ახალი სეზონს ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. გუნდი დაკომპლექტდა და ახალწვეულების სრული სია გახდა ცნობილი. სულ გუნდში ცხრა ახალწვეულია.

„თელავის“ ახალწვეულია მეკარე ოთო გოშაძე, – 23 წლის მეკარე, რომლის ბოლო კლუბი ბოლნისის „სიონი“ იყო.

ვლადიმირ დიმიტროვსკი 31 წლის მაკედონიელი მცველია; მისი ბოლო კლუბი „რაბოტნიჩკი“ იყო. 2013 წელს მაკედონიის ჩემპიონი გახდა, 2014 წელს – სუპერთასის მფლობელი, 2011 კი ჩეხეთის თასის მფლობელი გახდა.

გუნდში კიდევ სამი ლეგიონერია – 22 წლის სომეხი ნახევარმცველი ჰოვანეს პოღოსიანი „პიუნიკიდან“ დაიმატეს. 2015 წელს სომხეთის ჩემპიონი გახდა, 2014 და 2015 წლებში – სომხეთის თასის მფლობელი, ხოლო 2016 წელს – სომხეთის სუპერთასის მფლობელი.

ვლადისლავ კრაევი 25 წლის უკრაინელი ნახევარმცველია. ბოლო კლუბი „დინამო-აუტო“ იყო. 2013 წელს უკრაინის ვიცეჩემპიონი გახდა.

რაფაელ ჩუკურა 27 წლის ნიგერიელი მცველია, რომელიც საქართველოში დიდი ხანია თამაშობს. მისი ბოლო კლუბი ქუთაისის „ტორპედო“ გახლდათ.

ასევე ქუთაისში თამაშობდა ცოტნე მოსიაშვილი – 25 წლის ნახევარმცველი. გურამ სამუშია 25 წლის ნახევარმცველი, რომელიც ბოლოს „სამტრედიას“ ღირსებას იცავდა. იყო საქართველოს ჩემპიონი, სამგზის საქართველოს სუპერთასის მფლობელი, 2019 წლის ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

თელაველთა ღირსებას „საბურთალოს“ ორი მოთამაშე დაიცავს – ლაშა კოხრეიძე 21 წლის თავდამსხმელია, რომელიც „საბურთალოში“ 2019 წლის საქართველოს თასის მფლობელი გახდა. ამ პრიზს დაეუფლა 23 წლის გრიგოლ ჩაბრაძეც – ფლანგის მცველი, რომელიც ასევე „საბურთალოს” გაზრდილია. ჩაბრაძე ასევე არის 2018 წლის საქართველოს ჩემპიონი.

„თელავი“ 2020 წლის პირველ შეხვედრას 29 თებერვალს ჩაატარებს – საფეხბურთო სეზონის გახსნის მატჩში, ეროვნული ლიგის დებიუტანტი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, თბილისის „დინამოს“ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.