„თელავმა“ ჩუკვურა დაიბრუნა - მიქაძის გუნდი ტესტებში დაუმარცხებელია #1TVSPORT
„თელავმა“ ჩუკვურა დაიბრუნა - მიქაძის გუნდი ტესტებში დაუმარცხებელია #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ეროვნული ლიგის მეორე ნახევრისთვის მზადებას ასრულებს. გიორგი მიქაძემ შესვენებაზე შემადგენლობის გაძლიერება მოახერხა.

ეროვნულ ლიგაში სატრანსფერო პერიოდი 26 ივნისს გაიხსნა და დღემდე მიმდინარეობს. ერთი თვის მანძილზე თელავის კლუბში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა.

„თელავი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე რამდენიმე ფეხბურთელს დაემშვიდობა. 22 წლის ცენტრალური მცველი ილია ბერიაშვილი ვოლგოგრადის „როტორში“ ითამაშებს, 20 წლის შემტევი რევაზ ინჯგია კვიპროსულ „აპოლონს“ შეუერთდა, 26 წლის ნახევარმცველი ზაზა ციცქიშვილი ყაზახეთის „აქტობეში“ გადავიდა, 27 წლის აზერბაიჯანელი ლეგიონერი ვუგარ ბაიბალაევი სამშობლოში დაბრუნდა, ხოლო 23 წლის მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი სავარაუდოდ, კარიერას უცხოეთში გააგრძელებს. ბრაზილიელების, პაბლო კარნეიროს და ჟონატა პერეირა დოს სანტოსის ამბავი კი უცნობია.

გუნდმა ოთხი ფეხბურთელი დაიმატა – „სამტრედიადან“ ნათან ჟუნიორი და თორნიკე რუხაძე (იჯარა დაუსრულდა), ხოლო ესტონური „ლევადიადან“ – ანტონ თოლორდავა. ბოლო შენაძენი ნიგერიელი მცველი რაფაელ ჩუკვურაა, რომელიც ზამთარში „თელავიდან“ ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, მაგრამ ადგილი ვერ დაიმკვიდრა და ისევ კახეთში თამაში ამჯობინა.

ჩუკვურა 28 წლის მარცხენა მცველია, რომელიც ფლანგის შემტევადაც კარგად თამაშობს. ბოლო სეზონი „თელავში“ გაატარა, 13 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ის საქართველოში 2013 წლიდან თამაშობს და ქართულად კარგად ლაპარაკობს. კარიერა ხარაგაულის „ჩხერიმელაში“ დაიწყო, ასევე უთამაშია მარტვილის „მერანში“, გურჯაანის „ალაზანში“, ზუგდიდის „დინამოში“, თბილისის „მერანში“, „რუსთავსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“.

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა 2019 წელს ჩუკვურა ლიგა 2-ის პირველი ნახევრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მაშინ ნიგერიელი თბილისის „მერანის“ ფეხბურთელი იყო.

მოსამზადებელ ეტაპზე გუნდმა ოთხ ტესტ-მატჩი გამართა და ოთხივე მოიგო – თბილისში შეკრებაზე მყოფ სომხეთის პრემიერლიგელარარატ-არმენიასთან“ 1:0 მოიგო, მესამელიგელი „თბილისი სითი“ 6:2 დაამარცხა, აზერბაიჯანის პრემიერლიგელი ბაქოს „საბაჰი“ – 3:1, ხოლო „რუსთავი” – 3:2.