„თელავმა“ ბოლო წამზე მოიგო
„თელავმა“ ბოლო წამზე მოიგო

ეროვნული ლიგა 2-ის მე-7 ტურის მორიგ მატჩს მატვილმა უმასპინძლა. მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა წყალტუბოს „სამგურალსა“ და „თელავს“ შორის დაძაბულად წარიმართა და მისი ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა.

თელაველებმა ანგარიში პირველ ტაიმში გახსნეს: 22-ე წუთზე, მასპინძელთა კარში დანიშნიული პენალტი ირაკლი რუხაძემ ზუსტად გამოიყენა. წყალტუბოელებმა ანგარიში მალე გაათანაბრეს: 37-ეზე ნიკა შალამბერიძემ მეტოქის კარი აიღო – 1:1.

თამაში დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც თელაველებმა გადამწყვეტი გოლი გაიტანეს: მსაჯის მიერ დამატებულ დროში, 90+2-ე წუთზე, გიორგი ნიქაბაძემ წყალტუბოელთა კარი აიღო და „თელავს’ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა 1:2.

გიორგი დეკანოსიძის გაწვრთნილები ამ მოგებით მე-4 ადგილზე დაწინაურდნენ და სამეულს მიუახლოვდნენ, ხოლო „სამგურალი“ 7 ქულით ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზეა.