„თელავმა“ ამხანაგური შეხვედრა რუმინულ „ჩიქსერედასთან“ ჩაატარა - ბაგრატიონმა დებიუტი გოლით აღნიშნა #1TVSPORT
„თელავმა“ ამხანაგური შეხვედრა რუმინულ „ჩიქსერედასთან“ ჩაატარა - ბაგრატიონმა დებიუტი გოლით აღნიშნა #1TVSPORT

თურქულ შეკრებაზე მყოფმა საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ პირველი ამხანაგური მატჩი რუმინეთის ლიგა 2-ის წარმომადგენელ „ჩიქსერედასთან” გამართა და 1:1 დაასრულა.

„თელავში“ ორი ახალწვეული გამოჩნდა – ბათუმის „დინამოს“ ყოფილი მცველი მუხრან ბაგრატიონი და „სამტრედიის“ ყოფილი თავდამსხმელი თორნიკე ახვლედიანი, რომელიც ზამთარში ჩეხურ კლუბში ვარჯიშობდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ოლეგ ვასილენკომ მოედანზე შვიდი ახალი მოთამაშე შეიყვანა. 49-ე წუთზე გიორგი ხაბულიანის დარტყმის შემდეგ რუმინელები მეკარემ გადაარჩინა. „თელავი” შეხვედრას ამის შემდეგაც აკონტროლებდა.

ანგარიში „თელავის“ ახალწვეულმა, მუხრან ბაგრატიონმა 68-ე წუთზე გახსნა. მან ძლიერად დაარტყა, ბურთი რუმინელ მცველს მოხვდა და კარში გავიდა. წონასწორობა 79-ე წუთზე „ჩიქსერედას“ მოთამაშემ, რობერტ რონაიმ აღადგინა.

საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ანტალიაში 10 თებერვალს გაემგზავრა და ახალი სეზონისთვის მზადების მეორე ეტაპი დაიწყო. მანამდე „თელავი“ ორი კვირის განმავლობაში ბელეკში ვარჯიშობდა. თურქეთში ქართული გუნდი კიდევ ოთხ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.