„თელავის“ ზედიზედ მეორე მოგება - კახელები ბათუმელებთან ერთად გალიდერდნენ #1TVSPORT
„თელავის“ ზედიზედ მეორე მოგება - კახელები ბათუმელებთან ერთად გალიდერდნენ #1TVSPORT

ეროვნული ლიგის დაწყებამდე აუტსაიდერად ჩათვლილმა „თელავმა“ სეზონი ჩინებულად დაიწყო – გიორგი ჭელიძის გუნდმა მეორე შეხვედრაც მოიგო სტუმრად ბოლნისის „სიონთან“, რომელიც ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ „თამაზ სტეფანია – არენაზე“ პირველ მატჩს ატარებდა და დიდი მონდომების მიუხედავად, მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა.

პირველ ნახევარში ორივე გუნდი უპირატესობის მოპოვებას და თამაშის გამწვავებას ცდილობდა, მაგრამ ორივე გუნდის დაცვა საიმედოდ თამაშობდა, საქმე გოლამდე არ მისულა და შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გავიდნენ.

შესვენების შემდეგ „თელავის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭელიძემ შეცვლები გამოიცნო – შეტევების გასაძლიერებლად მოედანზე შესულმა გიორგი კვერნაძემ და დავით მუჯირმა იმედები მალე გაუმართლეს. 47-ე წუთზე, მუჯირმა მარცხენა ფლანგზე შეტევა კვერნაძეს გაუგრძელა, რომელიც საჯარიმოში შევარდა და მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა 0:1.

ბოლნისელები თამაშის გადარჩენას შეეცადნენ, მაგრამ მეორე გოლიც გაუშვეს. ესეც გიორგი კვერნაძის დამსახურება იყო, რომელიც ძალიან კარგად გამოიყურებოდა. 68-ე წუთზე 19 წლის თავდამსხმელი საჯარიმოში ისევ მარცხენა ფლანგიდან შევარდა და ბურთი კარის წინ ლაშა ქოჩლაძეს გადააწოდა, რომელმაც „თელავი“ კიდევ უფრო დააწინაურა 0:2.

საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა და „თელავი“, რომელმაც ფინანსური პრობლემების გამო სეზონისთვის მზადება ყველა გუნდზე გვიან დაიწყო, სეზონის სიურპრიზად მოგვევლინა – გიორგი ჭელიძის გაწვრთნილებმა მოულოდნელად ეროვნული ლიგის ორივე სასტარტო მატჩი მოიგეს, 6 ქულა დააგროვეს და ბათუმის „დინამოსთან“ ერთად ჩემპიონატში გალიდერდნენ.