„თელავის“ უკრაინელი მეკარე - მამა კიევში დარჩა, იბრძვის და სამშობლოს ეხმარება #1TVSPORT
„თელავის“ უკრაინელი მეკარე - მამა კიევში დარჩა, იბრძვის და სამშობლოს ეხმარება #1TVSPORT

„თელავის“ მეკარე ბოგდან ბეზკროვნიმ საკმაოდ ვრცელ ინტერვიუში ეროვნულ ლიგაში გუნდის წარმატებულ სტარტზე, ახალ გუნდზე და რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ სამშობლოზე ისაუბრა.

„ჩემი ოჯახი, დედა და უმცროსი და-ძმა ამწუთას გახიზნულები არიან კიევიდან დასავლეთ უკრაინაში, სადაც შედარებით სიმშვიდეა, არ ისვრიან და რაც მთავარია, არ ესვრიან მოსახლეობას, მამა კი კიევში დარჩა, იბრძვის და რაც შეუძლია, ყველანაირად ეხმარება ხალხს, უკრაინას. ჩემს ოჯახს და მეგობრებს დღეში რამდენჯერმე ვუკავშირდები და ერთმანეთს ვამხნევებთ. მამა ყოველი თამაშის წინ მეუბნება, რომ მშვიდად ვიყო და ვაკეთო ჩემი საქმე ისე, რომ არავინ დავაღალატო, რომ ჩემი გუნდისთვის არაფერი დავიშურო. ჩემი წარმატებები მისთვის სიამაყე და ბედნიერებაა. იგივეს მეუბნებიან ჩემი მეგობრებიც – ოჯახს, მეგობრებს ჩვენი გუნდის თამაშის ვიდეოს ვუგზავნი და ისინი ამ მძიმე პერიოდშიც კი მიყურებენ და მქომაგობენ.

გუნდში ვარ და სრულად ვარ თამაშში ჩართული. ეს ჩვენი გუნდის და მცველების დამსახურებაა და დიდი მადლობა მათ: ჩვენი ურთიერთგაგება უფრო მამშვიდებს. ძალიან დაბალანსებული, საკმაოდ მეგობრული და კარგი გუნდი გვყავს, არაჩვეულებრივი მწვრთნელი და საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული კლუბის ხელმძღვანელობა გვყავს.

„თელავი“ ჩემს კარიერაში პირველი უცხოური კლუბია და მოხდა ისე, რომ პირველ დიდ წარმატებას, სწორედ „თელავთან“ ერთად მივაღწიე, როცა უმაღლეს ლიგაში გადავედით – ის სასწაული ემოციები დღემდე განუმეორებელია. დღემდე მომყვება ის სასიამოვნო დრო, თელაველების სიყვარული და პატივისცემა. როცა დაბრუნება შემომთავაზეს, სიხარულით დავთანხმდი: მიყვარს თელავი, ხალხი და გულშემატკივრები.

ბოლნისში, „სიონთან“ მატჩისას მესმოდა გულშემატკივრების შეძახილები და ახლაც ჟრუანტელი მივლის, ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელი იყო ეს მხარდაჭერა. თამაშის დროს, სიამაყისგან და ბედნიერებისგან ცრემლიც წამსკდა. დიდი მადლობა თანადგომისთვის და ზოგადად, მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო საქართველოს და ქართველ ხალხს: ვხედავ და ვგრძნობ ყველაფერს, როგორ გულშემატკივრობთ ჩემს სამშობლოს, უკრაინას, როგორ ემოციურად განიცდით და რეაგირებთ – მადლობა თელავს, მადლობა ქართველებო.“