„თელავის“ თავდამსხმელმა ჰაიტის ნაკრებში ითამაშა #1TVSPORT
„თელავის“ 26 წლის თავდამსხმელი, ჟონელ დეზირე ჰაიტის ეროვნულ გუნდში გამოიძახეს და ოფიციალურ თამაში ჩაატარა – ინფორმაციას საფეხბურთო კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ჰაიტის ნაკრებმა კონკაკაფის (საფეხბურთო კონფედერაცია, რომელიც ხელმძღვანელობს ფეხბურთს ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში) ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი იამაიკის ნაკრებთან გამართა და 2:3 დამარცხდა – „თელავის“ ლეგიონერი ჟონელ დეზირე მოედანზე მე-80 წუთზე შეცვლაზე შევიდა.
ჟონელ დეზირეს ჰაიტის ნაკრებში 2015 წლიდან იწვევენ. რვა წლის განმავლობაში, მან 22 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. იყო ჰაიტის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. 2015 და 2017 წლებში მონაწილეობდა 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში კონკაკაფის ჩემპიონატებში.
საკლუბო კარიერა სამშობლოში დაიწყო, უთამაშია ამერიკულ, სომხურ და კვიპროსულ კლუბებში. 2018-2019 წლებში 17 გოლით სომხეთის ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა. 26 წლის დეზირე „თელავში“ 2023 წლის აგვისტოში კვიპროსული კლუბიდან, ნიქოზიას „ოლიმპიაკოსიდან“ გადავიდა. ეროვნულ ლიგაში გამართულ რვა შეხვედრაში ორი გოლის გატანა მოახერხა.