„თელავის“ მწვრთნელი - ძალიან რთულ ვითარებაში ვართ, ფეხბურთელები გვაკლია, მაგრამ ერთსულოვნებით შედეგს ვაღწევთ #1TVSPORT
„თელავის“ მწვრთნელი - ძალიან რთულ ვითარებაში ვართ, ფეხბურთელები გვაკლია, მაგრამ ერთსულოვნებით შედეგს ვაღწევთ #1TVSPORT

„თელავის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭელიძემ კომენტარი გააკეთა თბილისის „ლოკომოტივთან“ მატჩის შემდეგ, რომელიც მისმა გუნდმა 5:0 მოიგო.

„გულშემატკივარს მადლობა მინდა გადავუხადო, „ლოკომოტივს“ კი წარმატება მინდა ვუსურვო. რაც შეეხება შეხვედრას, ძალიან რთულ ვითარებაში ვართ, ფეხბურთელები გვაკლია. მაგრამ გუნდი იმას ჰქვია, რომ ერთსულოვნები ვართ და ამ შედეგს მივაღწიეთ“, – ამბობს გიორგი ჭელიძე.

„თელავის” მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდმა წინა ტურში „საბურთალოსთან“ საშინაო მატჩის სტრესი დაძლია.

„დღეს უნდა დავივიწყოთ ეს თამაში და უნდა დავიწყოთ მზადება შემდეგი მატჩისთვის. სტრესიდან გამოვედით და ეს დაეტყო კიდეც თამაშს“.

ჭელიძის თქმით, დიდი ანგარიშით გამარჯვება არ ნიშნავს, რომ „თელავმა“ თავისი პოტენციალი სრულად გამოავლინა.

„გუნდი ახლაც ძიების და შენების პროცესში ვართ. თამაშიდან თამაშამდე ბიჭები უმატებენ. ფეხბურთია და არის მოგებაც, წაგებაც, ფრეც, მაგრამ ჩვენ მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავდივართ“.

აღსანიშნავია, რომ „ლოკომოტივს“ „თელავმა“ 5:0 მოუგო, რაც ეროვნულ ლიგაში გამოსვლის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებაა. გიორგი ჭელიძის გაწვრთნილები 13 ქულით მე-7 ადგილზე დაწინაურდნენ.