„თელავის“ მთავარი მწვრთნელი - პირველი მოგება კარგია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი #1TVSPORT
„თელავის“ მთავარი მწვრთნელი - პირველი მოგება კარგია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი #1TVSPORT

ეროვნული ლიგის I ტურის მატჩი „თელავმა“ სტუმრად თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე „ლოკომოტივი“ 1:0 დაამარცხა – პირველი თამაში და პირველი 3 ქულა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭელიძემ შეაფასა.

„პირველ რიგში, მინდა, „თელავის“ ყველა გულშემატკივარს და თელაველებს მივულოცო ეს გამარჯვება. რაც შეეხება მატჩს, დაძაბული თამაში გამოვიდა, ეტყობოდა, რომ სეზონის პირველი შეხვედრა იყო და ბუნებრივია, თავისებური დატვირთვა ჰქონდა. მადლობა ბიჭებს ბოლომდე ბრძოლისთვის, თავდადებისთვის, მოთმინებისთვის და სასურველ შედეგამდე მისვლისთვის. „ლოკომოტივი“ დიდი ხნის, ტრადიციული გუნდია, ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს და კარგი ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული“, – ამბობს გიორგი ჭელიძე.

თუმცა, „თელავის“ მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდს მოდუნების და ეიფორიაში ჩავარდნის უფლება არ აქვს.

„პირველი მოგება და სამი ქულა, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, უნდა ვიშრომოთ, რომ დაშვებული ხარვეზები და შეცდომები აღმოვფხვრათ – ყოველთვის მაქსიმუმი თუ არ გავიღეთ, სხვანაირად სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ“, – აცხადებს „თელავის“ მთავარი მწვრთნელი.