თელავის მერიამ ოპოზიციას აქციის გასამართად ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა
თელავის მერიამ ოპოზიციას აქციის გასამართად ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა

თელავის მერიამ გაერთიანებულ ოპოზიციას აქციის გასამართად ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა,- ამის შესახებ პირველ არხს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ადგილი, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქციისთვის აირჩია, შედის პრეზიდენტის ინაუგურაციის ტერიტორიის ფარგლებში და სახელმწიფო დაცვის კონტროლის ქვეშ არის მოქცეული.

„ოპოზიციას ალტერნატიული ტერიტორია 9 აპრილის მემორიალთან შევთავაზეთ, ამის შესახებ ვაცნობეთ და წერილიც გავუგზავნეთ”,- განაცხადა ნარეკლიშვილმა.

მიიღებს თუ არა ამ შეთავაზებას გაერთიანებული ოპოზიცია, ამის შესახებ ჯერ ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად, გაერთიანებული ოპოზიცია თელავში საპროტესტო აქციის ჩატარებას 900- წლიანი ჭადრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბატონის წყალთან აპირებს.