„თელავის“ ახალი მწვრთნელი საქმეს შეუდგა - მისი შვილი მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველია #1TVSPORT
„თელავის“ ახალი მწვრთნელი საქმეს შეუდგა - მისი შვილი მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველია #1TVSPORT

„თელავის“ ადამინისტრაციამ გუნდის წევრებს ახალი მთავარი მწვრთნელი, გეორგიოს კოსტისი წარუდგინა და ბერძენი სპეციალისტი საქმეს შეუდგა.

„რამდენიმედღიანი დასვენების შემდეგ, „თელავი“ შეიკრიბა და ვარჯიში განვაახლეთ. საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს ახალი მთავარი მწვრთნელი, 51 წლის ბერძენი სპეციალისტი გეორგიოს კოსტისი წარუდგინა“, – წერია კლუბის მიერ გარცელებულ ცნობაში.

„მოხარული ვარ აქ ყოფნით და პირველ რიგში, კლუბის ხელმძღვანელობას ნდობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. რა თქმა უნდა, ვნახე გუნდის მიერ ჩატარებული მატჩები და გულწრფელად ვიტყვი – კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგი გუნდი გვყავს.

თითოეულ მოთამაშეში პერსპექტივას ვხედავ – ეს გუნდი ნამდვილად არ იმსახურებს ცხრილში იმ ადგილს, რომელზედაც ახლა ვიმყოფებით. ყველანაირად ვეცდები, უფრო მეტად დავხვეწოთ ჩვენი თამაში, განვვითარდეთ და წინ წავიწიოთ.

ვიცი, ფეხბურთელები პროფესიონალები არიან და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი მუშაობით და ერთმანეთის გვერდში დგომით, წარმატებები მოვა“, – ამბობს გეორგიოს კოსტისი.

გეორგიოს კოსტისი საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტია. მრავალფეროვანი პროფესიული კარიერა ჰქონდა და სამწვრთნელო საქმეშიც ტიტულები მოუპოვებია – კვიპროსის „აპოელში“ ხუთჯერ გახდა ამ ქვეყნის ჩემპიონი, ერთხელ კვიპროსის თასი მოიგო, ოთხჯერ კი სუპერთასის ფინალისტობას დასჯერდა.

საინტერესოა, რომ გეორგიოს კოსტისის შვილი, 20 წლის მცველი ილიას კოსტისს კვიპროსის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. 2019 წელს „აპოელიდან“ მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავიდა, სადაც წელს სადებიუტო თამაში ჩაატარა.