„თელავიდან“ „მარიამპოლიში“ - რაფაელ ჩუკვურა ლიეტუვაშიც ქართველებთან ითამაშებს #1TVSPORT
„თელავიდან“ „მარიამპოლიში“ - რაფაელ ჩუკვურა ლიეტუვაშიც ქართველებთან ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოში გატარებული ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ რაფაელ ჩუკვურა უცხოეთში წავიდა – „ტრანსფერმარკტის“ ინფორმაციით, „თელავის“ ყოფილი მცველი კარიერას ლიეტუვაში გააგრძელებს.

საქართველოში თამაშის ხანგრძლივობით რაფაელ ჩუკურვას ლეგიონერებში რეკორდი ეკუთვნის. ნიგერიელი მცველი 2013 წლის 1 აგვისტოს ხარაგაულის „ჩხერიმელაში“ ჩაირიცხა და 9 წლის განმავლობაში სხვადასხვა კლუბში თამაშობდა.

30 წლის ნიგერიელ მცველს უთამაშია საქართველოს ეროვნულ ლიგაში, ასევე ლიგა 2-ისა და ლიგა 3-ის კლუბებში და სულ 11 ქართული გუნდის ფორმა მოირგო – მათ შორის ბათუმის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოს“, ბოლნისის „სიონის“; ბოლოს კი „თელავში“ თამაშობდა.

2019 წელს ჩუკვურა ლიგა 2-ის პირველი ნახევრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მაშინ ნიგერიელი მცველი თბილისის „მერანში“ გამოდიოდა.

მარიამპოლი სიტი“ ლიეტუვის რანგით მეორე ლიგის კლუბია, სადაც 30 წლის ნიგერიელს კვლავ ქართველებთან თამაში მოუწევს. თებერვალში ლიეტუვურ კლუბში ოთხი ქართველი ფეხბურთელი ჩაირიცხა – ლუკა კობერიძე, ოთარ კობახიძე, დიმა შარიქაძე და სოსო ქარდავა.