„თელავი“ სამმა მოთამაშემ დატოვა - თოლორდავა სერბეთში ითამაშებს, ქანთარია - აზერბაიჯანში #1TVSPORT
„თელავი“ სამმა მოთამაშემ დატოვა - თოლორდავა სერბეთში ითამაშებს, ქანთარია - აზერბაიჯანში #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბი „თელავი“ სამმა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სამ ფეხბურთელს დაემშვიდობა – ჩვენი გუნდი 25 წლის კაპიტანმა და მცველმა ანტონ თოლორდავამ, 25 წლის ნახევარმცველმა გიორგი ქანთარიამ და 29 წლის ნახევარმცველმა ბიძინა მახარობლიძემ დატოვეს. „თელავი“ მადლობას უხდის ანტონს, გიორგისა და ბიძინას გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს უსურვებს“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ცნობილი გახდა, რომ „თელავის“ კაპიტანი თოლორდავა კარიერას სერბეთის პრემიერლიგის მეოთხეადგილოსან კლუბ ნიშის „რადნიჩკიში“ გააგრძელებს, ქანთარიამ აზერბაიჯანში წავიდა და იქაური პრემიერლიგის კლუბ განჯის „კიაპაზში“ გადავიდა, ხოლო მახარობლიძე ჯერჯერობით, უგუნდოდაა.

ეს ბოლო დროს „თელავის“ პირველი დანაკლისი არაა. მანამდე გუნდს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 25 წლის თავდამსხმელი, გურამ გოშთელიანი დაემშვიდობა და „საბურთალოში“ გადავიდა.