„თელავი“ მზადებას იწყებს - პირველი ახალწვეული გოშაძეა
„თელავი“ მზადებას იწყებს - პირველი ახალწვეული გოშაძეა

საფეხბურთო კლუბი „თელავი“ 2020 წლის სეზონისთვის მზადებას 15 იანვარს, თელავში დაიწყებს. მანამდე ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს.

გუნდის ცნობით, მზადების პერიოდში დაგეგმილია უცხოური შეკრება – 8 თებერვალს „თელავი“ ანტალიაში გაემგზავრება და თურქეთში ორი კვირის განმავლობაში მოემზადება. თურქულ შეკრებაზე ს/კ „თელავი“ 4-5 ამხანაგურ-საკონტროლო შეხვედრას გამართავს – მეტოქეთა ვინაობა ზუსტდება და მოგვიანებით შეიტყობთ.

„თელავის“ ხელმძღვანელობა აქტიურადაა ჩართული სატრანსფერო კამპანიაში, რომ გუნდი კვალიფიციური ფეხბურთელებით კიდევ უფრო გაძლიერდეს და 2020 წლის საფეხბურთო სეზონს ეროვნულ ლიგაში სათანადოდ მომზადებული შეხვდეს.

გუნდმა პირველი ტრანსფერი განახორციელა: „თელავის“ ღირსებას ოთო გოშაძე დაიცავს. 22 წლის მეკარე 1997 წლის 13 ოქტომბერსაა დაბადებული და ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, საკმაოდ გამოცდილია. „საბურთალოს“ აღზრდილი პირველ ლიგაში თბილისური გუნდის ძირითადი მეკარე გახლდათ, თუმცა შარშანდელი სეზონი იჯარით ჯერ ბათუმის „დინამოში“, შემდეგ კი ბოლნისის „სიონში“ გაატარა. ოთო გოშაძე 2018 წელს ქვეყნის ყველაზე ტიტულიან გუნდში, თბილისის „დინამოშიც“ თამაშობდა. 2013 წლიდან მოყოლებული, ის საქართველოს ყველა ასაკობრივი (U-17, U-19, U-21) ნაკრების კარში იდგა.

გოშაძემ „თელავის“ ფეხბურთელებთან ერთად წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და გუნდთან ერთად ვარჯიშსაც 15 იანვარს დაიწყებს.

დატოვე კომენტარი