„თელავი“ ციცქიშვილით გაძლიერდა - ახალწვეული თასის მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT
„თელავი“ ციცქიშვილით გაძლიერდა - ახალწვეული თასის მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა „თელავმა“ ახალი მოთამაშე, ზაზა ციცქიშვილი დაიმატა – ინფორმაციას გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„თელავის“ ახალწვეული 25 წლისაა, რუსთავში დაიბადა და კარიერა ამ ქალაქის გუნდში დაიწყო, მაგრამ ამპლუით ნახევარმცველი ბოლოს ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა.

„ჩვენი გუნდის ახალწვეული, 25 წლის გამოცდილი ნახევარმცველი ზაზა ციცქიშვილი უკვე თელავშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ფეხბედნიერი იყოს შენი მოსვლა ზაზა ჩვენს დიდ ოჯახში და მრავალი წარმატებები შენს ახალ გუნდთან ერთად“ – ასე მიესალმა „თელავის” პრესსამსახური ნახევარმცველის გამოჩენას, რომელსაც გუნდის გაძლიერების იმედს უკავშირებენ.

ეროვნული ლიგის მე-9 ტურში „თელავი“ სტუმრად ქობულეთის „შუქურასთან“ 0:2 დამარცხდა და პირველი წრის შემდეგ გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილი დაიკავა. გუნდის მდგომარეობა იოლი არაა და ზაზა ციცქიშვილის დამატებაც ამით აიხსნება.

სავარაუდოდ, 25 წლის ნახევარმცველის დებიუტი ახალ კლუბში 21 აპრილს შედგება – საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში „თელავი“ წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე „სამგურალი 2″-ს შეხვდება.