თელ-ავივის „მაკაბის“ მწვრთნელი ქეცბაიას შესახებ შეკითხვამ მწყობრიდან გამოიყვანა
თელ-ავივის „მაკაბის“ მწვრთნელი ქეცბაიას შესახებ შეკითხვამ მწყობრიდან გამოიყვანა

თელ-ავივის „მაკაბის“ მთავარი მწვრთნელი გიორგიოს დონისი გაღიზიანებულია ისრაელის მედიაში გავრცელებული ცნობებით, რომლის მიხედვითაც მას მალე ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია შეცვლის.

ბერძენი სპეციალისტი ქართველის შესახებ კითხვამ მწყობრიდან გამოიყვანა და ისეთი თქვა, რაზეც საკუთარ თავზე მწვრთნელები არ ამბობენ.

„მაკაბი“ ევროპის ლიგის საუკეთესო 32 გუნდს შორის მოხვდა და ახალი წლიდან 1/16-ფინალში ითამაშებს. ჯგუფიდან გასვლის შემდეგ დონისმა თავი საბერძნეთისა და კვიპროსის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.

„ვითარებაში უნდა გაგარკვიოთ. მე ბავშვობიდან ფეხბურთში ვარ და საბერძნეთისა და ინგლისის დიდ კლუბებში მითამაშია. ასევე ვწვრთნიდი წარმატებულ გუნდებს. ჩემთვის ზეწოლა უცხო არ არის. მაგრამ ზეწოლა მოდის არა მედიისა და გულშემატკივრებისგან, არამედ მაშინ, როდესაც ცუდი შედეგებია. პრესკონფერენციაზეც მკითხეთ, რას ვფიქრობ კვიპროსზე გავრცელებულ ჭორებზე, რომ მათ სურთ ჩემი ქეცბაიათი ჩანაცვლება. ჩემი აზრით, ამის შესახებ მატჩამდე კითხვის დასმა არაპროფესიონალურია, რადგან საბერძნეთსა და კვიპროსში ჩემზე უკეთესი მწვრთნელი არაა,“ – ასეთი იყო დონისის პასუხი.

გიორგიოს დონისს უთამაშია „პანათაინაიკოსში“, „ბლექბერნში“, „შეფილდში“, ათენის აეკ-ში კი ქეცბაიას გუნდელი იყო. 1991-1997 წლებში კი საბერძნეთის ნაკრებში გამოდიოდა (24 მატჩი, 5 გოლი). მწვრთნელად მუშაობდა „ატრომიტოსში“, პაოკ-ში, კვიპროსის „აპოელში“, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, „მაკაბის“ კი 2020 წლიდან ავარჯიშებს.