თელ-ავივის გრანდ სლემის დასკვნით დღეს ექვსი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT
თელ-ავივის გრანდ სლემის დასკვნით დღეს ექვსი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT

თელ- ავივში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების ღირსებას ექვსი ძიუდოისტი დაიცავს.

90 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების სახელით უშანგი მარგიანი გამოვა. ქართველი განთესილი არაა და C ბადეში იასპარეზებს.

მარგიანის მეტოქე პირველ ეტაპზე აზერბაიჯანელი რუფატ ისმაილოვი იქნება. წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში კი მარგიანი სერბ მსოფლიო ჩემპიონ – ნემანია მაიდოვს დაუპირისპირდება.

-100 კგ წონით კატეგორიაში ორი წარმომადგენელი გვეყოლება: ილია სულამანიძე და ონისე სანებლიძე.

ტურნირზე ორივე განთესილი იქნება და ისინი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან (1/8-ფინალიდან) ჩაერთვებიან.

ონისე სანებლიძის პირველი მეტოქე ამერიკელ სმიტსა და ბრაზილიელ უილიამ ჯუნიორს შორის გამარჯვებული იქნება.

მეორე ქართველი 100კგ-ში ილია სულამანიძეც 1/8-ფინალიდან დაიწყებს და მისი მეტოქე, ისრაელის წარმომადგენელ სტანისლავ ბანჩუკსა და ყაზახ – იერკანატ მოლდაგულოვს შორის ბრძოლაში გაირკვევა. ილია სულამანიძე საკუთარ წონაში შეჯიბრის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

თელ-ავივის გრანდ სლემზე დღეს ორი მძიმეწონოსანი – გურამ თუშიშვილი და ონისე ბუღაძე იჭიდავებენ.

ქართველები განთესილები არიან და ორივე მათგანი ასპარეზობას 1/8-ფინალიდან დაიწყებს.

ონისე ბუღაძე აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველს – უშანგი კოკაურს შეხვდება.

გურამ თუშიშვილი კი თავის პირველ შეხვედრას უზბეკ ბეკმუროდ ოლტიოევთან გამართავს. წარმატების შემთხვევაში კი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი, 1/4 ფინალში, ნიდერლანდელ როი მეიერს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ თელ-ავივის გრანდ სლემზე ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ყულაბაში ჯერჯერობით ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც ტურნირზე ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.

დღეს გამომსვლელი მეექვსე ქართველი, მძინეწონოსანი სოფიო სომხიშვილი პირველ შეხვედრას ბრაზილიელ მეტოქესთან გამართავს.

დღევანდელი დაპირისპირებების წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:30-ზე, ხოლო ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.