ტეიტუმმა ლარი ბერდის რეკორდი გაიმეორა - „ბოსტონმა“ საოცარი მატჩი შემოატრიალა [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც ყველაზე სანახაობრივი მატჩი ბოსტონში ჩატარდა და „სელტიკსის“ ფანების უდიდესი სიხარულით დასრულდა.

„ბოსტონის“ გუნდი შინ „სან ანტონიოს“ მასპინძლობდა. მეორე მეოთხედის ბოლოს თითქოს უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, რადგან გრეგ პოპოვიჩის გუნდი მეტოქეს 32 ქულის სხვაობით ამარცხებდა, მაგრამ ჯეისონ ტეიტუმის ბრწყინვალე პერფორმანსის წყალობით „სელტიკსმა“ თამაში შემოატრიალა.

ტეიტუმმა კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა, 60 ქულა დააგროვა და „ბოსტონის“ ლეგენდის, ლარი ბერდის შედეგი გაიმეორა. ბრედ სტივენსის გუნდის ლიდერმა ჯამში 45 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 30-დან 15 ორქულიანი და 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზთან კი 17-ჯერ დადგა და 15-ჯერ ბურთი კალათში მოათავსა. 23 წლის კალათბურთელის ანგარიშზე ასევე 8 მოხსნა და 5 პასია.

„ბოსტონი“ 34 მოგებითა და 30 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. ზუსტად იგივე მოგება-წაგებათა ბალანსი აქვს „ატლატნას“, რომელიც მე-6 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას „სელტიკსი“ 3 მაისს „პორტლენდის“ წინააღმდეგ გამართავს.

დატოვე კომენტარი