ტედროს ადანომ გებრეისუსი - ფალსიფიცირებული ვაქცინები იყიდება ინტერნეტში, არის ვადაგასული და პირობების დარღვევით შენახული ვაქცინების რეალიზაციის მცდელობაც
ტედროს ადანომ გებრეისუსი - ფალსიფიცირებული ვაქცინები იყიდება ინტერნეტში, არის ვადაგასული და პირობების დარღვევით შენახული ვაქცინების რეალიზაციის მცდელობაც

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძლო ფალსიფიკაციის საფრთხის გამო შეშფოთება გამოთქვა. მან მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ ვაქცინების იმ გამყიდველებთან გარიგების დადებისგან, რომლებიც იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამებში არ მონაწილეობენ.

ბრიფინგზე გამოსვლისას ტედროს ადანომ გებრეისუსმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენებული ცარიელი ამპულების უტილიზაცია, რათა ხელახლა არ გამოიყენონ.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია იმ შესაძლებლობით, რომელიც მსოფლიოში ვაქცინების გაზრდილი მოთხოვნის გამო დამნაშავეებს აქვთ“, – განაცხადა გებრეისუსმა.

ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ზოგიერთი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ და სხვა ორგანოებმა უკვე მიიღეს ვაქცინების მიყიდვის „საეჭვო შეთავაზებები“.

გებრეისუსის თქმით, „ფალსიფიცირებული ვაქცინები იყიდება ინტერნეტში, არის ვადაგასული და პირობების დარღვევით შენახული ვაქცინების რეალიზაციის მცდელობაც“.