ტედ ვან ლეუვენმა ტოპ 10 ტრანსფერი გაიხსენა - კაშია თავიდან ძირითადის ფეხბურთელად არ მოიაზრებოდა, მაგრამ შემდეგ ყველა მწვრთნელი კაპიტნად ირჩევდა #1TVSPORT
ცნობილმა საფეხბურთო მენეჯერმა და სპორტულმა დირექტორმა, ტედ ვან ლეუვენმა კარიერის განმავლობაში „ტრანსფერების ოსტატის“ რეპუტაცია მოიპოვა. ის ქართველებთან თანამშრომლობდა „ვიტესში“, „ვალეტაში“, „ანორთოსისსა“ და „ტვენტეში“. მენეჯერმა ნიდერლანდურ გამოცემას, soccernews-ს მის მიერ განხორციელებული 10 საუკეთესო ტრანსფერი დაუსახელა, მათ შორის გურამ კაშიას „ვიტესში“ გადასვლაც გაიხსენა.
„კარგ ფეხბურთელსა და კარგ ტრანსფერს შორის განსხვავებაა. აღფრთოვანებული ვარ ფეხბურთელებით, რომლებმაც, შესაძლოა, საფეხბურთო მწვერვალები ვერ დაიპყრეს, მაგრამ მაქსიმალურად გამოიყენეს თავიანთი კარიერა. შეუძლებელია ზუსტად დაასახელო 10 საუკეთესო ტრანსფერი, მაგრამ შევეცდები გავიხსენო ისინი“, – ამბობს ნიდერლანდელი მენეჯერი.
ვან ლეუვენის ათეული ასეთია:
1. კლას იან ჰუნტელაარი
2. პოლ ვერჰეიგი
3. დრის მერტენსი
4. ნასერ ჩადლი
5. ნემანია მატიჩი
6. რობინ გოსენსი
7. გურამ კაშია
8. ვილფრიდ ბონი
9. ენეს უნალი
10. კონსტანტინოს ციმიკასი
რაც შეეხება გურამ კაშიას, ვან ლეუვენმა მისი ტრანსფერის კურიოზული დეტალიც გაიხსენა: „გურამ კაშია ჩვენს მონახაზში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გამოჩნდა, მისი ტრანსფერის დროს საქმე არასწორად წარიმართა. ჯერ კიდევ ვმუშაობდით, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, დოკუმენტების გაფორმების დროს ფაქსის აპარატიც გაფუჭდა, დაჟინებით მოვითხოვეთ საქმის გამოსწორება. საბედნიეროდ, ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირში გულთან მიიტანა ეს პრობლემა და ორი წუთის დაგვიანებით, 00:02 საათზე, ტრანსფერი მაინც დამტკიცდა. კაშია თავიდან ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად არ მოიაზრებოდა, მაგრამ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ფრენკ ვან დერ სტრიკი დაშავდა და ამის შემდეგ გურამი შემადგენლობიდან აღარც ამოვარდნილა. ყველა მწვრთნელი მას გუნდის კაპიტნად ირჩევდა, ის ამ ათეულში ყოფნას ნამდვილად იმსახურებს“.