თეა წულუკიანმა გიორგი შერმადინს ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მიულოცა #1TVSPORT
თეა წულუკიანმა გიორგი შერმადინს ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მიულოცა #1TVSPORT

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ და სპორტულმა ჟურნალისტმა ჯამლეტ ხუხაშვილმა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი შერმადინს უმასპინძლეს და ესპანეთის ჩემპიონატში მოპოვებული წარმატება მიულოცეს.

საქართველოს კალათბურთის ნაკრებისა და „ტენერიფე ლენოვოს“ მოთამაშემ, გიორგი შერმადინმა ერთ-ერთი უძლიერესი საკალათბურთო ლიგის – ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიპოვა. ლიგა ენდესას სეზონის MVP-ისთვის დამზადებული თასი 32 წლის მოთამაშეს გადაეცა, რაც ქართული კალათბურთის და ქართული სპორტის უდიდესი აღიარებაა.

ლიგა ენდესას მესვეურებმა საუკეთესო კალათბურთელის შესარჩევად და გამოსაკითხად ოთხი სეგმენტი შეარჩიეს – გულშემატკივრები, ჟურნალისტები, ესპანური ლიგის მწვრთნელები და მოთამაშეები. თითოეული სეგმენტის არჩევანს 25-პროცენტიანი ძალა ჰქონდა. შერმადინმა ოთხივე სეგმენტის გამოკითხვა დამაჯერებლად მოიგო და MVP-ს მფლობელი გახდა. ოთხივე სეგმენტის შედეგები ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა შეაჯამა და „ტენერიფე ლენოვოს“ ქართველი ლეგიონერი ესპანეთის უმაღლეს წერტილში, მთა ტეიდეზე გამართულ საზეიმო ცერემონიალზე დააჯილდოვა.

სამინისტროში, გიორგი შერმადინთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, სპორტული ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია და გიორგი შერმადინის ძმა სოსო შერმადინი.