თეა წულუკიანი - ვნახეთ ოპოზიციის ისტერიკა, რომელსაც ხალხთან შუამავლობა არ გამოუვიდა, რადგანაც ამის ლეგიტიმაცია არ გააჩნია
თეა წულუკიანი - ვნახეთ ოპოზიციის ისტერიკა, რომელსაც ხალხთან შუამავლობა არ გამოუვიდა, რადგანაც ამის ლეგიტიმაცია არ გააჩნია

ოპოზიციის ისტერიკა და იმის მცდელობა ვნახეთ, რომ გამარგინალებულმა ძალამ „ქართულ ოცნებასა“ და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს შემოგვთავაზოს, შუამავალი იყოს ხალხთან, მაგრამ ეს შუამავლობა არ გამოუვათ, რადგან ამის არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა განუცხადა, რომელიც მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად ფრაქციების ფორმატში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა.

წულუკიანის თქმით, მინისტრობის კანდიდატებმა ორ საპარლამენტო ფრაქციას მოუსმინეს, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული ნაციონალური მოძრაობა“, „ნაციონალური მოძრაობა“ სხდომათა დარბაზიდან გაიქცა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პასუხების მოსმენა არ ისურვა.

„როგორც ჩანს, დღის მეორე ნახევარში „ევროპულ ნაციონალებს“ ცოტა სხვა ფორმატი ჰქონდათ, ძალიან ემოციური. შეიძლება ადამიანებმა იფიქრო, რომ ეს ემოციები გასაგებია, თუ მოისურვებ, რომ ამ ემოციურად დასმულ კითხვებზე პასუხები მოისმინო მაინც. საზოგადოებამ იცის, რომ ვინც სხდომის წარმმართველია – ამ შემთხვევაში, სერგი კაპანაძე აკონტროლებდა მიკროფონებს.

ცხრა წლის განმავლობაში, ეს ადამიანები აზრის გამოთქმის საშუალებას არავის აძლევდნენ, ახლაც ასე მოხდა და გიორგი გახარიას მიკროფონი ჰქონდა გამორთული. გვახსოვს ისინი და იმის მოსმენის შეეშინდათ, რომ ადამიანებს შტურმისკენ მოუწოდეს, შტურმი დაგეგმეს და შემდეგ თავიანთი აქტივისტები და არააქტივისტები მიატოვეს.

გულწრფელი პროტესტის მქონე ადამიანები ქუჩას შეატოვეს და გაიქცნენ. მათთან ბევრი კითხვა იყო, მაგრამ როცა ვითომ, დემოკრატიის შუქურის წარმომადგენელი თავმჯდომარე მიკროფონს გამოგირთავს, მედიას ხმას ვერ გააგონებ. დღევანდელი დღე აუცილებელი იყო, რადგან მინისტრობის კანდიდატებს კონსტიტუციით გვაქვს ვალდებულება ეს ავიტანოთ, ვითმინოთ და ამას თავს ღირსეულად ვართმევთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.