თეა წულუკიანი - ვისურვებდი, როდესაც მრავლდება ქალი დეპუტატების რიცხვი, მამაკაცი დეპუტატები მათ ცოტა უფრო მოუფრთხილდნენ
ვისურვებდი, როდესაც მრავლდება ქალი დეპუტატების რიცხვი, მამაკაცი დეპუტატები მათ ცოტა უფრო მოუფრთხილდნენ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
თეა წულუკიანს ვთხოვეთ, კომენტარი გაეკეთებინა დეპუტატ ეკა ბესელიას მოწოდებაზე ყოფილი თანაგუნდელების, მათ შორის წულუკიანისადმი, რომ ვანო ზარდიაშვილის განცხადებებს გაემიჯნონ.
წულუკიანმა ბესელიასა და ზარდიაშვილს შორის პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.
„არ ვაკადრებ ეკას, რომ ჭკუა დავარიგო. არ მიმაჩნია, რომ ეს ჩემი ფუნქციაა. მე ვიცნობ ეკა ბესელიას და დარწმუნებული ვარ, მან თითოეულ ჩვენგანზე კარგად იცის, რომ ჯობდა, ეს არ მომხდარიყო. მაგრამ ჩემთვის ესეც არ არის მთავარი. მთავარი არის, რომ მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მუდამ ვხედავთ და საკმაოდ ხშირადაც სხვადასხვა თაობის პოლიტიკოსებს, რომლებიც ერთმანეთს ურტყამენ, აგინებენ და მაშინ არ ისმის ასეთი დამძრახავი სიტყვები, როდესაც მამაკაცები, ბოდიში გამოთქმისთვის და, პარლამენტში ეჯგიმებიან ერთმანეთს. ეს არის ჩემთვის კითხვის ნიშანი და სურვილი, რომ ვისგანაც უნდა მომდინარეობდეს ეს, მაშინაც თანაბრად დავგმოთ. ეს არ არის ის სტილი, რომლითაც უნდა მუშაობდეს საქართველოს პარლამენტი. რაც შეეხება დანარჩენს, ვისურვებდი, როდესაც ღვთის წყალობით, გვყავს და მრავლდება რიცხვი ქალი დეპუტატების, მამაკაცი დეპუტატები ამ ქალ დეპუტატებს ცოტა უფრო მოუფრთხილდნენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ეკა ბესელიამ დღეს ყოფილ თანაგუნდელებს მიმართა, ვანო ზარდიაშვილის განცხადებებს გაემიჯნონ. როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა განაცხადა, მისი მიმართვა „ქართული ოცნების“ ძველ წევრებს ეხება. „მინდა, მივმართო „ქართული ოცნების“ წევრებს, რომლებიც პირველ სათავეებთან იდგნენ და მათ შორის 2012 წლამდე იბრძოდნენ. ვინც გუშინ მოისმინა უღირსი ადამიანის, ვანო ზარდიაშვილის გამოსვლები ეთერებში, ან გაემიჯნონ ამას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერ იქნება კოლექტიური სახე „ქართული ოცნების“. ეს არის ჩემი მიმართვა, ეს ეხებათ ძველ თანამებრძოლებს, თეა წულუკიანს, სოზარ სუბარს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.