თეა წულუკიანი - რასაც ვხედავთ, შიმშილობის აქცია სააკაშვილის დაშინებითა და მოთხოვნით არის წამოწყებული, როგორც ჩანს, ის სჯის მომხრეებსა და პარტიას
თეა წულუკიანი - რასაც ვხედავთ, შიმშილობის აქცია სააკაშვილის დაშინებითა და მოთხოვნით არის წამოწყებული, როგორც ჩანს, ის სჯის მომხრეებსა და პარტიას

რასაც ვხედავთ, შიმშილობის აქცია სააკაშვილის დაშინებითა და მოთხოვნით არის წამოწყებული, როგორც ჩანს, ის სჯის მომხრეებსა და პარტიას, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც წულუკიანი აღნიშნავს, არანაირი ამ ტიპის პროტესტი არ არის პერსპექტიული.

„ჩვენ როგორც გვესმის და რასაც ვხედავთ, ეს შიმშილობის აქცია არის თავად სააკაშვილის დაშინებით და მოთხოვნით წამოწყებული. როგორც ჩანს, ის სჯის თავის მომხრეებს, თავის პარტიას, პოლიტიკოსები იქნებიან ისინი თუ გულმხურვალე, ასე ვთქვათ, მათი მხარდამჭერები. საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე, არ ერიდება უკვე სხვა ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასევე ამ ადამიანების იძულებას, რომ იცხოვრონ ილუზიასა და ვირტუალურ რეალობაში; მაგრამ არანაირი ამ ტიპის პროტესტი არ არის პერსპექტიული.

ახალი წელი მოდის და რა თქმა უნდა, სააკაშვილისგან განსხვავებით, მე ვისურვებდი, რომ ყველა ეს ადამიანი საკუთარ ოჯახში შეხვდეს ახალ წელს, არა შიმშილის პირობებში, შენობაში ან მით უარესი, ცივ ქუჩაში. მაგრამ ეს არის მისი სტილი, მისთვის მხოლოდ საკუთარი თავია მნიშვნელოვანი, ის ყველაფერს აკეთებს ალბათ იმისთვის, რომ როგორღაც მიაღწიოს თავისუფლებას, რაც ასევე არის უპერსპექტივო, რადგანაც სასჯელი, რომელიც მას თავად დამოუკიდებელმა მოსამართლემ მიუსაჯა, ასეთია კანონი, არის მოსახდელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.