თეა წულუკიანი რაგბის კავშირის პრეზიდენტს შეხვდა
თეა წულუკიანი რაგბის კავშირის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილემ სოსო გიორგაძემ სამინისტროში რაგბის კავშირის პრეზიდენტს სოსო ტყემალაძეს უმასპინძლეს და მასთან ერთად ქართულ რაგბში მიმდინარე პროცესები განიხილეს.

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა თეა წულუკიანს რამდენიმეთვიანი მუშაობის ანგარიში გააცნო და ახლო მომავალში გასატარებელი რეფორმების შესახებ ესაუბრა. სოსო ტყემალაძის განცხადებით, ძალიან მალე რაგბის კავშირის გამგეობა უფრო მეტად გამჭვირვალე წესებით არჩეული წევრებით დაკომპლექტდება. რაგბის კავშირის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ბოლო ორი თვის განმავლობაში არაერთი ნაბიჯი გადადგა ქართული რაგბის გაჯანსაღებისა და ხელშეწყობისაკენ.

სოსო ტყემალაძე გამოეხმაურა თეა წულუკიანის ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ სპორტულ ორგანიზაციებში ამოქმედდეს ანტიკორუფციული მექანიზმები, რათა საბიუჯეტო რესურსის ხარჯვა მაქსიმალურად გამჭვირვალე და მიზნობრივი იყოს. რაგბის კავშირის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კავშირი დანერგავს აღნიშნულ მექანიზმებს, მათ შორის შესაბამისი დათქმები აისახება ორგანიზაციის დებულებაშიც რაგბის კავშირის მიერ დახარჯული თანხების სათანადო მონიტორინგის მიზნით.

მინისტრმა რაგბის კავშირის პრეზიდენტს მიმდინარე სამუშაო პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა და ქართული რაგბის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთ თვეში სამხრეთ აფრიკას ესტუმრება და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან 2 და 9 ივლისს ორ ტესტ მატჩს გამართავს. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ პირველ შეხვედრას სწორედ „ბორჯღალოსნებთან“ ჩაატარებს, რაც გახლავთ ქართული რაგბის კიდევ ერთი დიდი აღიარება და წარმატება.