თეა წულუკიანი - მურუსიძემ სწორად ბრძანა, არც მანამდე მომწონდა მისი მოსამართლეობა და არც მისი გამუდმივება მომწონს
თეა წულუკიანი - მურუსიძემ სწორად ბრძანა, არც მანამდე მომწონდა მისი მოსამართლეობა და არც მისი გამუდმივება მომწონს

მურუსიძემ სწორად ბრძანა, არც მანამდე მომწონდა მისი მოსამართლეობა და არც მისი გამუდმივება მომწონს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ განწესების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„რაც შეეხება ბატონ ლევან მურუსიძის გამუდმივებას, სრულიად სწორად ბრძანა, რომ არც მანამდე მომწონდა მისი მოსამართლეობა და მით უმეტეს, არ მომწონს მისი გამუდმივება, თუ ვინმე მეკითხება ჩემს სუბიექტურ, მოქალაქისა და მინისტრის აზრს. მან ასევე მართალი ბრძანა, როდესაც თქვა, რომ ქართული კონსტიტუციური მოდელი გულისხმობს განსხვავებულ პრინციპს, ვიდრე ეს არის ზოგიერთ ევროპულ ქვეყნაში. ჩვენთან იუსტიციის მინისტრი არ არის არავითარ კავშირში იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან. ეს არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო და მე არ გახლავართ ის მინისტრი, რომელიც ცდილობს, კონსტიტუცია დაარღვიოს და აკონტროლოს მოსამართლეები“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, სასამართლო რეფორმების სამმა ტალღამ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსმა გააძლიერა მოსამართლეები, გააძლიერა ყველას უფლებების დაცვა და პირველ რიგში მოსამართლეებმა ეს თავისუფლება უნდა გამოიყენონ პროგრესისთვის,  წაიყვანონ მართლმსაჯულების სისტემა უკეთესობისკენ.

„ამას ვუსურვებ მე მათ.  მართლმსაჯულების სამივე რეფორმა შეაფასა ვენეციის კომისიამ წინგადადგმულ ნაბიჯად, ამას სჭირდება სწორი გამოყენება, რათა მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში გახდნენ ისინი, ვისაც ენდობა საზოგადოება. აქედან გამომდინარე, მოდით, ასე დავარქვათ, ეს არის ჩემი მართლმსაჯულებისადმი საახალწლო სურვილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ლევან მურუსიძემ გუშინ განაცხადა, რომ არასდროს ჰქონია კარგი ურთიერთობა თეა წულუკიანთან, თუმცა ამის მიზეზი არ იცის.