თეა წულუკიანი - ჰააგის სასამართლოს მიზანია, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამებისა და მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტება დაადგინოს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლოს მიზანია, აგვისტოს ომის პერიოდში სამხედრო ტყვეების წამებისა და მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტება დაადგინოს.
„ჰააგის გამოძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მორიგი სამუშაო ვიზიტი გვაქვს ჰააგის სასამართლო პროკურატურიდან. ასეთი ვიზიტები მრავლად გამართულა და მომავალშიც გაიმართება, რადგან მათი პროცედურა ამას ითვალისწინებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი ჩვენ გარეშე – სახელმწიფოს გარეშეც იყვნენ მსხვერპლებთან, მათ დამცველებთან და უფლებადამცველებთან კავშირზე, ასევე, თქვენ, მედიას და საზოგადოებას მოგცეთ საშუალება, პირველმა წყარომ, თავად პროკურატურამ, ქალბატონი ფატუ ბენსუდას უწყებამ მოგაწოდოთ ინფორმაცია, როგორია გამოძიების წესები, რა მიზანს ვისახავთ ყველა ერთად.
მიზანი არის ერთი, რომ ჩვენი სამხედრო ტყვეების წამებისა და მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტება დადგინდეს. ასევე, დავადგინოთ ჭეშმარიტება ქართველთა წმენდის ეპიზოდში, რომელიც შეიძლება ჩვენ ვიცით, რადგანაც ფაქტები გვახსოვს, მაგრამ სამართლებრივად ამის დადგენა ჩვენი მომავლისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მიზანია, ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობას და დაინტერესებულ პირებს სასამართლოს საქმიანობის შესახებ და 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით.