თეა წულუკიანი - ჰააგის პროკურორისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ აგვისტოს ომის თემაზე გამოძიებამ ტემპი აკრიფა და მალე მომდევნო სტადიაზე გადავა
თეა წულუკიანი - ჰააგის პროკურორისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ აგვისტოს ომის თემაზე გამოძიებამ ტემპი აკრიფა და მალე მომდევნო სტადიაზე გადავა

ჰააგის პროკურორისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ აგვისტოს ომის თემაზე გამოძიებამ ტემპი აკრიფა და მალე მომდევნო სტადიაზე გადავა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მაღალი დონის რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.

„რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია ქალბატონი ჰააგის პროკურორისგან, გამოძიება არის კიდევ უფრო გააქტიურებული და მიმდინარეობს უფრო სწრაფად, ვიდრე აქამდე. ანუ როგორც ამას ვეძახით ხოლმე, ტემპი აკრიფა და როგორც მანვე გვითხრა, მომავალ სტადიაზე ასევე ძალიან მალე უნდა გადავიდეს. ეს ნიშნავს სასამართლოში საქმის გადაცემას, იმ სასამართლოში, რომელიც დღეს საქართველოში თავისი დაარსებიდან ოცი წლის თავს აღნიშნავს სწორედ თბილისში.

ამიტომ, ჩვენ ყველა ველოდებით, ვაგრძელებთ თანამშრომლობას იმისათვის, რომ მყარი მტკიცებულებები ჰქონდეს ჰააგის სასამართლოს საქმის იმ უმნიშვნელოვანეს ნაწილებში, როგორიცაა ქართველების ეთნიკური წმენდა, ჩვენი ტყვეების წამება და არაერთი მათგანის მკვლელობაც. შედეგებს ერთად უნდა ველოდოთ და დავაკვირდეთ, როგორ წავა საქმე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ მთავრობა მზადაა, გააგრძელოს ICC-სთან თანამშრომლობა. მინისტრი ჰააგის სასამართლოს იმ ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რომის სტატუტის ხელმოწერის 20 წლის იუბილე თბილისში აღინიშნება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი მომავლისთვის, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო სწორედ საქართველოში მართავს მაღალი დონის რეგიონულ ღონისძიებას და აქ კიდევ ერთხელ აღნიშნავს რომის სტატუტის ოცი წლისთავს, რომელიც წელს შესრულდა. მას მერე, რაც ეს სასამართლო დაფუძნდა 1998 წელს, ეს ხდება სწორედ მათი არჩევანით, რომ საქართველოში შეიკრიბონ ამ რეგიონის ოცამდე ქვეყნის წარმომადგენლები და იმსჯელონ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ყველა ჩვენგანის მომავალი, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში, რათა საერთაშორისო დანაშაულები არ დარჩეს დაუსჯელი. ისეთი, როგორიცაა, მაგალითად, დანაშაული, რომელიც ქართველების წინააღმდეგ იქნა ჩადენილი აგვისტოს ომის დროს“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან.

ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისი 2016 წლის 27 იანვრიდან იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს. მათ შორის გამოძიება შეეხება ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველი ტყვეების წამებისა და მკვლელობის საკითხებს.