თეა წულუკიანი - ეკა ბესელია არის „ძველი გვარდიის“ ერთ-ერთი წამყვანი წევრი და დარჩება წარმმართველ ფიგურად ჩვენს გუნდში
თეა წულუკიანი - ეკა ბესელია არის „ძველი გვარდიის“ ერთ-ერთი წამყვანი წევრი და დარჩება წარმმართველ ფიგურად ჩვენს გუნდში

ეკა ბესელია არის „ძველი გვარდიის“ ერთ-ერთი წამყვანი წევრი და დარჩება წარმმართველ ფიგურად ჩვენს გუნდში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ეკა ბესელიას მიერ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, არ მოეწონა, რაც გუშინ მოხდა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე.

„ქალბატონ ეკასთან არა მხოლოდ გუშინ და შარშან, არამედ 2010 წლის მაისიდან, როცა საქართველოში დავბრუნდი და ოპოზიციას შევუერთდი, მაქვს ძალიან კარგი, რეგულარული, მუდმივი ურთიერთობა და კონტაქტი.

ვთვლი, რომ ის არის სწორედ იმ „ძველი გვარდიის“ ერთ-ერთი მთავარი წამყვანი წევრი, რომელზეც პარტიის თავმჯდომარემ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების პროცესში ისაუბრა. ვფიქრობ, ეკა ბესელია არის ის ადამიანი, რომელიც დარჩება მომავალშიც ერთ-ერთ წარმმართველ ფიგურად ჩვენს პოლიტიკურ გუნდში.

არ მომეწონა, გუშინ რაც ვნახეთ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ძალიან მცდარია ოპონენტების მოლოდინი, რომ გუნდი დაიხლიჩება ან დაიყოფა. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, რომელიც არის ამჟამად პარლამენტში, ეს არის ძლიერი პოლიტიკური გუნდი, რომელიც მოდის შორიდან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.