თეა წულუკიანი - დეკანოზ გიორგი მამალაძეზე შუამდგომლობაში არ წერია, რომ ის გაკეთდა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე
თეა წულუკიანი - დეკანოზ გიორგი მამალაძეზე შუამდგომლობაში არ წერია, რომ ის გაკეთდა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეზე წმინდა სინოდის სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ სინოდმა გადაწყვიტა, პრეზიდენტს მამალაძის შესაწყალებლად ორი მიზეზით მიმართოს.

„ერთი არის ოჯახური მდგომაროება და მეორე არის არაერთგზის მოთხოვნა შეწყალების შესახებ. არაფერი ამ შუამდგომლობაში არ წერია იმის შესახებ, რომ ეს შუამდგომლობა გაკეთდა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მე ეს მავარაუდებინებს, რომ სინოდმა გაიზიარა ის სამედიცინო პოზიცია, რაც არსებობს, ემყარება კონსილიუმების დასკვნებს, ექსპერტების დასკვნას და არაერთი ექიმის მოსაზრებას, რომ არც ორგანული და არც სხვა მიზეზი არ არსებობს იმისა, რომ ჩვენ დავიჯეროთ ან ჩავთვალოთ, რომ მოცემული პატიმარი არის ავად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ალტერნატიული ექსპერტიზა არ არის ჯერ დასრულებული.

„ჩვენ ველოდებით ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგებს და ამ შედეგების მიხედვით, უკვე საბოლოოდ, ყველა დოკუმენტაციის შეჯერების შედეგად, ჩამოვყალიბდებით, იმსახურებს თუ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ მან გააგრძელოს ციხის საავადმყოფოში ყოფნა თუ უნდა დაბრუნდეს საპატიმროში.

რაც შეეხება შეწყალებას, რომლის შუამდგომლობაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ არსებობს, მე ვერ ვიქნები ის ადამიანი, ვინც გიპასუხებთ, როდის უნდა მოხდეს ამ შუამდგომლობის განხილვა პრეზიდენტის მიერ ან უნდა მოხდეს თუ არა განხილვის შედეგად უარყოფა ან დაკმაყოფილება. შესაბამისად, მოკლებული ვარ ამ შესაძლებლობას. თუ თქვენ გულისხმობთ მორატორიუმს, ეს მორატორიუმი ზეპირად გაცხადდა და არ აქვს რაიმე ტიპის კანონიერი საფუძველი. თუმცა უკანონოც არ არის, პრეზიდენტი როცა ჩათვლის საჭიროდ, მაშინ განიხილოს ეს შუამდგომლობა“, – განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.

საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს. გარდა ამისა, წმინდა სინოდმა მეუფე იაკობი გააფრთხილა. ასევე, სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.