თეა წულუკიანი - ჩვენს ურყევ პოზიციად დარჩა, რომ „გერმანული მოდელი“ არის ანტიკონსტიტუციური და ამაზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება
თეა წულუკიანი - ჩვენს ურყევ პოზიციად დარჩა, რომ „გერმანული მოდელი“ არის ანტიკონსტიტუციური და ამაზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება

ჩვენს ურყევ პოზიციად დარჩა, რომ „გერმანული მოდელი“ არის ანტიკონსტიტუციური და ამაზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„შედგა ღრმა მსჯელობა, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური და ჩვენს ურყევ პოზიციად დარჩა ის, რომ ეს „გერმანული მოდელი“ არის ანტიკონსტიტუციური და ამაზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება.

ასევე, შევთანხმდით იმაზე, რომ სხვა შემოთავაზებები გაჟღერდა უცხოელი კოლეგებისგან და თუ ეს შემოთავაზებები დარჩება ძალაში, „ქართული ოცნება“ ის ძალაა, რომლისთვისაც მთავარი ქვეყანაა და მზად არის დიალოგისთვის. მაგრამ ჩვენი პოზიცია ურყევია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, წულუკიანის თქმით, თუ იქნება სხვა რაიმე ტიპის შემოთავაზებები, რომლის შესახებაც გარკვეული მინიშნებები გაკეთდა უცხოელი კოლეგებისგან და თუ ეს შემოთავაზებები ჯდება კონსტიტუციაში, რომელიც დღეს არის მოქმედი და 2020 წლის არჩევნებზე იქნება მოქმედი, „ქართული ოცნება“ არაფერს დაიზარებს.

წულუკიანის თქმით, ოპოზიციამ ვერავითარი სამართლებრივი არგუმენტი ვერ მოიტანა, რომელიც მათ დაარწმუნებდა, რომ „გერმანული მოდელი“ არის კონსტიტუციური.

„ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კითხვა იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ვაქციოთ „გერმანული მოდელი“ კონსტიტუციურად და ხომ არ არის პოლიტიკურ გუნდში იმის მზაობა, რომ კოსტიტუციის ცვლილება ვცადოთ, რომ გერმანული მოდელი ვაქციოთ კონსტიტუციურად, ამაზე ჩვენი პასუხი იყო, არის და იქნება რომ -არა, ჩვენი გუნდის შიგნით ვერ ვხედავთ რესურსს იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვცადოთ კონსტიტუციის ცვლილება. თუმცა დიალოგი მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ქვეყანას ვცემთ პატივს და რა თქმა უნდა, თუკი იქნება მომავალში, შეხვედრა ჩაინიშნება, ჩვენ ამ შეხვედრაზე აუცილებლად ვიქნებით“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე უცხოელები იყვნენ ფასილიტატორები და არა მხარეები.

„ისინი მხარეები ვერ იქნებოდნენ, მათ შეგვკრიბეს, ისინი აქ ბრძანდებიან და თავიანთ პოზიციას თავად მოგახსენებენ“, – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს თეა წულუკიანმა.