თეა წულუკიანი - არ მჭირდება პარლამენტის გადაწყვეტილება იმის სათქმელად, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის რეჟიმი დანაშაულებრივი იყო
თეა წულუკიანი - არ მჭირდება პარლამენტის გადაწყვეტილება იმის სათქმელად, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის რეჟიმი დანაშაულებრივი იყო

არ მჭირდება პარლამენტის გადაწყვეტილება იმის სათქმელად, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის რეჟიმი დანაშაულებრივი იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივაზე საუბრისას განუცხადა.

„მე, პირადად არ მჭირდება პარლამენტის გადაწყვეტილება იმისთვის, ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის რეჟიმი, იყო დანაშაულებრივი. შესაბამისად, დოკუმენტების გარეშეც ვფიქრობ, რომ ეს ასეა“, – განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებაზე გუშინ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას მმართველობის პერიდოში ქვეყანაში დამყარდა დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც არჩევნების გზით განახორციელა საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლებების უზურპაცია. ტექსტში აღნიშნულია, რომ რეჟიმმა უპირობოდ დაიმორჩილა სასამართლო სისტემა, გაასამართლა და დამნაშავედ ცნო მოსახლეობის 8 პროცენტზე მეტი, რასაც თან ახლდა პატიმრების წამების, გაუპატიურების და ღირსების შელახვის მრავალგზის დადასტურებული ფაქტები.