თეა წულუკიანი აცხადებს, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა დროული იყო
თეა წულუკიანი აცხადებს, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა დროული იყო

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა დროული იყო. წულუკიანის თქმით, ამით ხელისუფლებამ ხალხის მოსაზრებაზე მოახდინა რეაგირება.

„ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ხალხს უსმენს. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც მრავალჯერ აჩვენა, როდესაც ნებისმიერ საკითხზე არის მწვავე რეაქცია, აქეთ დგას ხელისუფლება, რომელიც ახდენს რეაქციას.

ადრე გვყავდა ხელისუფლება, რომელიც არ იყო რეაქციის მქონე; რაც უნდა პროტესტი გამოგეთქვა, რეაგირება იყო ნული. ეს არის აბსოლუტურად სხვა სტილის მმართველობა. ხშირად ზოგიერთი ოპონენტი ამას სისუსტედაც გვითვლის და სინამდვილეში, ეს არის დემოკრატიულობა და არა სისუსტე.

მაღალი იყო პროტესტი. ჩემთვის ეს პროტესტი მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ნარკოტიკებთან ბრძოლის წინააღმდეგ საბჭოს უკვე მეშვიდე წელია, ვხელმძღვანელობ. დღეს დროული იყო, რომ კანდიდატთან შეთანხმებით „ქართულმა ოცნებამ“ კულტივაციის შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვია, ხოლო მეორე კანონპროექტი, რომელიც ეხება საჯარო სივრცეში მარიხუანას მოხმარების შეზღუდვას, მეორე მოსმენით არის მიღებული. ეს იმიტომ, რომ ზოგიერთ ახალგაზრდას არ ეგონოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს სკოლაში, ქუჩაში მარიხუანას თავისუფლად მოხმარებას. ეს რეფორმა და მუშაობა გაგრძელდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაწვეული იქნება.