თეა ახვლედიანმა პოლიტიკურ და სამშვიდობო საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან შეხვედრა გამართა
თეა ახვლედიანმა პოლიტიკურ და სამშვიდობო საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა პოლიტიკურ და სამშვიდობო საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან მიროსლავ იენჩასთან.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა გენერალური მდივნის თანაშემწეს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გაერო-ს მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ორგანიზაციის განსაკუთრებული როლისა და ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში. თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულების – როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკების პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მძიმე შედეგები, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევები და შემდგომი ხელოვნური იზოლაციის მცდელობები. ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის გაერო-ს მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის, ასევე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ჰუმანიტარულ ჭრილში დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამშვიდობო პროცესში ქალთა და ახალგაზრდობის ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ წამოწყებულ ინიციატივებზე. გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ გამოხატა მხარდაჭერა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის მიმართ და ამ და სხვა საკითხებზე სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.