თეა ახვლედიანმა კარლ ჰარცელთან შეხვედრა გამართა
თეა ახვლედიანმა კარლ ჰარცელთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმღვანელთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, თეა ახვლედიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა, ევროკავშირის მიერ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის განსაკუთრებულ როლსა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. თეა ახვლედიანმა კარლ ჰარცელს შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის მიმდინარეობა, განახლებული პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო ხედვები გააცნო, რაც შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა. მხარეები სტრატეგიული გადახედვის ფარგლებში, ისევე როგორც სხვა აქტუალურ საკითხებზე, მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპული პერსპექტივის მონიჭების ისტორიულ მნიშვნელობას და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის შესაბამისად, უახლოეს მომავალში, კანდიდატის სტატუსის მიღების რწმენა გამოთქვა.

„ევროკავშირის ელჩთან ჩემი დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ჩართულობის და შერიგების სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესში განახლებული პრიორიტეტებისა და ხედვების გაცნობა, მათზე შემდგომი განხილვებისა და ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის წარმართვის მიზნით. მოგეხსენებათ, ევროკავშირს განსაკუთრებული როლი აკისრია საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის, ომით გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში. სწორედ ამიტომ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ინტენსიური თანამშრომლობის მჭიდრო კოორდინაციით გაგრძელებას“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.