თეა ახვლედიანი - ჩვენი სტრატეგია მიზნად ისახავს ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობის, მათი სოციალური თანასწორობისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას
თეა ახვლედიანი - ჩვენი სტრატეგია მიზნად ისახავს ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობის, მათი სოციალური თანასწორობისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას

ჩვენი სტრატეგია მიზნად ისახავს ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობის, მათი სოციალური თანასწორობისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა 10-წლიანი ხედვისა და სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ თანასწორობის, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის სტრატეგიული პრიორიტეტის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჩართულობის გასაძლიერებლად გადაგმული ნაბიჯები უფრო მაღალ სტანდარტებზე იქნება ორიენტირებული და უპასუხებს მიმდინარე საჭიროებებს, მათ შორის, თანაბარი საარჩევნო გარემოს განვითარებისა და არსებული საკონსულტაციო მექანიზმების გაძლიერების თვალსაზრისით.

„ამ მიმართულებით, ასევე, ყურადღება დაეთმობა ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების საკითხებს, ინფორმაციასა და მედიაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, სამართლებრივ საკითხებში მხარდაჭერას, რითაც დავუპირისპირდებით ეთნიკური უმცირესობებისთვის გამიზნულ დეზინფორმაციას და ხელს შევუწყობთ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი ჩვენი თანამოქალაქეების სამოქალაქო აქტიურობას.

სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის პრიორიტეტის რეალიზების მიმართულებით კი ჩვენი სტრატეგია მიზნად ისახავს ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობის, მათი სოციალური თანასწორობისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში ჩართულობისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას, სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებზე წვდომის ამაღლებას.

ხელი შეეწყობა ბიზნესის განვითარებასა და სასოფლო-სამეურნეო აქტივობების განხორციელებას – სახელმწიფო პროგრამების, სერვისებისა და შეღავათების შესახებ პროაქტიული საინფორმაციო კამპანიებით. ასევე, ადგილზე გაიზრდება პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და დასაქმების შესაძლებლობები, განვითარდება ადგილობრივი ინფრასტრუქტურა და გაუმჯობესდება საკომუნიკაციო საშუალებებზე ხელმისაწვდომობა.

ჩვენს ეთნიკურად მრავალფეროვან ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს განმტკიცებისა და დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაცია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პატივისცემა, ეთნო-კულტურებს შორის კომუნიკაციის გაძლიერება გვესახება.

ჩვენი მიზანია საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნოსის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდეთ უკეთ გაეცნონ ერთმანეთის კულტურას, ენას, ტრადიციებს კულტურათაშორისი დიალოგისა და ინტეგრაციის სულისკვეთებით. ამ მიმართებით, სტრატეგიის მექანიზმად ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ეთნოსების თეატრების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების საქმიანობის და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას, მათი ერთობლივი საგანმანათლებლო, სპორტული და კულტურული აქტივობების ხელშწყობასა და ურთიერთობების განვითარებას განვიხილავთ“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ახვლედიანმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერასა და გაძლიერებას.

„ჩვენ გვაქვს მზაობა აღნიშნული გეგმების საშუალებით დღევანდელი გამოწვევები განვიხილოთ როგორც ახალი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის და კიდევ უფრო მტკიცედ ვიმოქმედოთ. მომავალი საქმიანობის ფარგლებში ხელი შევუწყოთ თანასწორი და თანაბარუფლებიანი საზოგადოების იდეის სრულფასოვნად რეალიზებასა და ქვეყნის მიღწევებითა და სიკეთეებით თანაბარი სარგებლობის პერსპექტივების შექმნას. დასახული მიზნების მისაღწევად ჩვენ უკვე დავიწყეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.